ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

PPRTC-ის მესამე კვლევის პრეზენტაცია

ახალი ამბები

PPRTC-ის მესამე კვლევის პრეზენტაცია 20 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ორგანიზებით,რიგით მესამე კვლევითი ნაშრომის - „სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდების მდგომარეობის კვლევა ბავშვზე ზრუნვის სისტემის დატოვების შემდგომ პერიოდში (სიტუაციური ანალიზი)“- პრეზენტაცია-დისკუსია მოეწყო. კვლევის ავტორებმა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, ქეთევან მაყაშვილმა, და ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრმა, ვიქტორია მიდელაურმა - პრეზენტაციაში მონაწილე საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ყველა იმ ბენეფიციარის/აღსაზრდელის მდგომარეობის შესწავლის შედეგები და ამ ბენეფიცირების მიმართ სამთავრობო და არასამთავრობო სერვისების კვლევის ანალიზი გააცნეს, რომლებმაც ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა 2010-2014 წლებში დატოვეს. კვლევის მიხედვით, სახელმწიფოში არ არსებობს ოფიციალური  ინფორმაცია იმ ბენეფიციარების შესახებ, რომლებმაც დატოვეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა; ასევე არ არსებობს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მათი ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.

კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ სახელმწიფო დაწესებულებები, სადაც მოზარდები 18 წლის განმავლობაში იმყოფებიან, ვერ უზრუნველყოფს მათ მომზადებას იმ აუცილებელი სოციალური თუ აკადემიური უნარების განვითარების მიმართულებით, რაც აუცილებელია მათიდამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

დისკუსიაში მონაწილე ახალგაზრდებმა დამსწრეებს გაუზიარეს ის სირთულეები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უმკლავდებიან  სახელმწიფო ზრუნვის სისტემის დატოვების შემდგომ პერიოდში, და ხაზი გაუსვეს ისეთი სახელმწიფო თუ არასამთავრობო პროგრამების არსებობას, რომლებიც მათი პროფესიული უნარების დახვეწისა და გაზრდისკენ იქნება მიმართული.

სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა - მახარე მერაბაშვილმა (იუსტიციის სამინისტრო), ეკატერინე დგებუაძემ (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) და ეთერ ცხაკაიამ  (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) - გამოთქვეს მზადყოფნა, კვლევის შედეგების გათვალისწინებით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილების მისაღებად ადვოკატირების მიზნით ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძვნებული ის ეფექტური სერვისები განავითარონ და შესთავაზონ გადაწყვეტილების მიმღებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინტეგრაციას საზოგადოებაში.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები