ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პოლონური დახმარების გეგმის განვითარება საქართველოში

”პოლონეთის მოსახლეობის 82% მზად არის, დაეხმაროს სხვა ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს; ამასთანავე, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში”, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა კრიშტოფ სტანოვსკიმ სტუდენტებთან შეხვედრაზე.

15 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ვიზიტად მყოფი პოლონეთის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი, კრიშტოფ სტანოვსკი ეწვია და წაიკითხა მოხსენება თემაზე: ”პოლონეთის საგარეო პოლიტიკა და პოლონური დახმარების გეგმის განვითარება საქართველოში”. ვიცე-მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა პოლონეთის ისტორიაზე, განვითარების ეტაპებზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და დემოკრატიულ პროცესებზე. მისი განცხადებით, პოლონეთი ყოველწლიურად ოცდაათი მილიონი ევროთი ეხმარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს; საქართველოში პოლონური დახმარების გეგმა განვითარდება საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, არასამთავრობო და სოფლის მეურნებობის მიმართულებით; კერძოდ: საბავშვო ბაღების ქსელის დაარსება, რაიონებში ბიბლიოთეკების მხარდაჭერის პროექტი, ზრუნვა ბავშვთა სახლების აღსაზრდელებზე, სატყეო მეურნეობისა და გამწვანების პრობლემის მოგვარება.

მოხსენების შემდგომ შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტების შეკითხვები ძირითადად საქართველოს ევროპულ და ჩრდილო-ატლანტიკურ ინტეგრაციას შეეხებოდა. დასასრულს, კრიშტოფ სტანოვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს პოტენციალი, ღირსეული ადგილი დაიკავოს ნამდვილ ევროპულ სივრცეში.

ბანერები