ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პალეონტოლოგების აღმოჩენა

2010 წლის ივლისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მაგისტრანტთა საველე პრაქტიკის დროს, მარტვილის რაიონის სოფ. გაჭედილსა და ინჩხურს შორის არსებულ მდ. აბაშის კანიონში მეცნიერებმა დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს.

ამის შემდეგ აგვისტო-სექტემბერში 4 დაზვერვითი და კვლევითი ექსპედიცია მოეწყო პალეონტოლოგებისა და გეოლოგების მონაწილეობით. ამ პერიოდში აღმოჩნდა 20-მდე ახალი ნაკვალევი. როგორც პირველადმა შესწავლამ ცხდაყო, რეპტილიების უმეტესობა ბალახისმჭამელ, საშუალო ზომის დინოზავრებს ეკუთვნის. მხოლოდ 3 ნაკვალევი ეკუთვნის მცირე ზომის მტაცებლებს. გარდა ნაკვალევისა, ამავე ადგილებში აღმოჩნდა პრეისტორიული რეპტილიების ძვლების ფრაგმენტები. მათგან განსაკუთრებით საინტერესოა თავის ქალის ძვლები. მინიმუმ 3 ქალის ფრაგმენტი, მიუხედავად დაზიანებისა, მაინც მისცემს საშუალებას მეცნიერებს, დაადგინონ ცხოველთა რომელ ჯგუფს ეკუთვნოდა ნამარხები. დაზიანების მიზეზი ის არის, რომ ძვლების უმრავლესობა მდინარე აბაშის კალაპოტშია გაშიშვლებული და წყლის აწევისას ხდება მათი ინტენსიური გადარეცხვა. ძვლების ფრაგმენტები კირქვებშია განთავსებული და მათი დაუზიანებლად ამოღება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მეცნერებს იმედი აქვთ, რომ სპეციალისტები დაინტერესდებიან ამ აღმოჩენით და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხერხდება მასალის ამოღება, პრეპარაცია და შესწავლა. თანამდევი ნამარხების (ამონიტების, ბრაქიოპოდების, ზღვის ზღარბების) სიმრავლემ შესაძლებლობა მისცა მეცნიერებს, დაედგინათ ნამარხ რეპტილიათა ასაკი. იგი მეზოზოური ერის ზედაცარცული პერიოდის სულ ზედა სართულს, მაასტრიქტული და დანიური იარუსების მიჯნას წარმოადგენს. ანუ ნამარხების ასაკი 66-65 მილიონი წელია. ეს ის პერიოდია, როდესაც დედამიწაზე დინოზავრების თითქმის 200 მილიონწლიან ბატონობა უნდა დამთავრებულიყო და ეს ფაქტიც ზრდის ამ აღმოჩენის ფასს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების აღმოჩენით დაინტერესდა გარომოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო. 4-5 ოქტომბერს კანიონს ეწვია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი სერგო რატიანი, სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე და მარტვილის რაიონის გამგებელი მამუკა დანელია. წინასწარი მონაცემებით კანიონი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდება და ბუნების ძეგლის სტატუსს მიიღებს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ამ სტატუსის მისანიჭებლად სათანადო დასკვნას დადებს.

აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე მთელი სამხრეთ კავკასიის გეოლოგიური წარსულის შესწავლისათვის.

ბანერები