ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”ოლიმპიური სპორტი - სპორტი ყველასათვის”

692923 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო სამეცნიერო-პრაქტიკულმა კონფერენციამ ”ოლიმპიური სპორტი _ სპორტი ყველასათვის”, რომლის ინიციატორია ამავე უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სერგო რატიანმა. მონაწილეებს მიესალმნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური, თავმჯდომარის მოადგილე გია გალდავა, პროფესორი გურამ ბექაია, პარლამენტარი, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, სპორტის მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დურმიშხან ჩიტაშვილი, ცნობილი ტელერადიოკომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.
შემდეგ მუშაობა სექციებში გაგრძელდა. მსმენელთა წინაშე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ ასოცირებული პროფესორი ნ. ბერიანიძე (შეჯიბრებების პერიოდში სხვადასხვა საშუალების გამოყენების ეფექტურობა აკრობატების მაგალითზე), გ. ასანიძე (ძალოსნობაში მოვარჯიშეთა ასაკობრივი დინამიკა და მათი წონითი კატეგორიების მიხედვით დაჯგუფება), ასოცირებული პროფესორი, გაზეთ ”ლელოს” მთავარი რედაქტორი თ. გაჩეჩილაძე (სპორტი ყველასათვის და გლობალიზაცია), დ. ჩიტაშვილი, ასოცირებული პროფესორი ე. კორინთელი, პროფესორი მ. მირცხულავა (მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა მზადყოფნის ძირითადი მაჩვენებლების კორელაციის ზოგიერთი საკითხი), დოქტორანტი გ. ზუბიტაშვილი (საქართველოს უმაღლესი კვალიფიკაციის მოჭიდავეთა შედეგები და მომავლის პერსპექტივები), პროფესორი მ. ეროგინა (წყალმხტომელთა ვესტიბულური მდგრადობის შესწავლა), პროფესორი ი. დოლიძე (სპორტი ვალეოლოგიის პოზიციიდან) და სხვები.
სერგო რატიანი: _ სპორტის სახეობების განვითარების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულება, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი ავითარებს. აქამდე არ არსებობდა მეცნიერული სპორტის განვითარება მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად გავატარეთ ღონისძიებები. აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ და სათანადო რეკომენდაციები შევიმუშაოთ დიდი სპორტის გასავითარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერსპექტივა არ გვექნება. ჩვენი დღევანდელი სამეცნიერო კონფერენციაც სწორედ ამ კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

დურმიშხან ჩიტაშვილი: _ ქართული სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. ჯერ ერთი წელიც არ შეგვსრულებია, მაგრამ ისეთმა ცნობილმა მეცნიერებმა მოიყარეს თავი, რომ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მოწვევა გადავწყვიტეთ. რექტორატმაც მხარი დაგვიჭირა. დარწმუნებული ვარ, ქართველი მეცნიერების ნაშრომ-ნაღვაწი სპორტსმენებსა და მათს მწვრთნელებს აუცილებლად გამოადგებათ.

გიორგი ასანიძე: _ ბევრი საინტერესო მოხსენება მოვისმინე. მათი ყოველდღიურობაში დანერგვა მნიშვნელოვანი იქნება როგორც პროფესიული, ისე მასობრივი სპორტის განვითარებისთვის, რომლის დეფიციტსაც ასე განიცდის დღევანდელი საზოგადოება. მეცნიერებმა წარმოადგინეს ნაშრომები წლების დაკვირვებების შედეგად გამოტანილი დასკვნებით. მათი გათვალისწინება აუცილებელია. უცხოეთში დიდი ხანია სპორტსმენთა მომზადებაში აქტიურად არიან ჩართული მეცნიერები. ჩვენთანაც თუ ეს მასობრივად არ დავნერგეთ, საერთაშორისო სარბიელზე წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება.
14

დავით ნამგალაური: _ ჯერჯერობით სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში ვაღწევთ წარმატებებს, თუმცა ეს არ არის საკმარისი. შედეგების გაუმჯობესება თუ გვსურს, სპორტსმენთა მომზადებაში აუცილებლად უნდა ჩავრთოთ სამეცნიერო ჯგუფები. ამიტომ დროული და საჭირო იყო ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია. ჩვენს დეპარტამენტს ახლო ურთიერთობა ექნება უმაღლეს სასწავლებელთან, რათა მატერიალურად წავახალისოთ მეცნიერ მუშაკთა საქმიანობა, მათი ინიციატივა. ერთობლივად დავსახავთ გეგმებს სპორტის იმ სახეობებში, რომლებსაც პრიორიტეტად მივიჩნევთ.

ფართო სპექტრია წარმოდგენილი ორდღიან კონფერენციაზე. პრევენციისთვის გვჭირდება მეცნიერთა დასკვნები, რათა თავიდან ავიცილოთ ტრავმიანობა თუ უბედური შემთხვევები როგორც დიდ სპორტში, ისე მოზარდებში. სპორტს მეცნიერული მხარდაჭერა სჭირდება.


 

ბანერები