


მყინვარიდან დანახული სამშობლო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად შეიქმნა სამთო გამყოლების ორწლიანი პროფესიული პროგრამა, რომელიც მთის გიდების მომზადებას ითვალისწინებს.
- სასწავლო პროგრამის ფარგლებში ამ პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით უნივერსიტეტში ალპური კლუბის დაფუძნება გადავწყვიტეთ, ორიოდე დღის წინათ მყინვარზე პირველი ექსპედიციაც მოვაწყვეთ, - გვითხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგო რატიანმა, რომელიც თავად გახლდათ ამ ალპინიადის მონაწილე. - მსურველი ბევრი იყო, მაგრამ სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით ექსპედიციის 26 წევრი შევარჩიეთ. ექსპედიციას გაჰყვა ცნობილი ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე, რომელიც ალპინიზმში საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად ჩვენს სტუდენტებს მყინვარწვერის დალაშქვრაში ეხმარებოდა. ვიმედოვნებ, სტუდენტური ალპინიადები ჩვენთან ტრადიციული გახდება.
არჩილ ცინცაძე, ექსპედიციის ხელმძღვანელი: მყინვარისაკენ 26 სტუდენტი გაუდგა გზას, მწვერვალზე კი 21 ადამიანი ავიდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ასეთ ლაშქრობაში პირველად მონაწილეობდა, თუმცა მთასთან ჭიდილში პრობლემები არ შექმნიათ. პირველი ღამე ყაზბეგში გავათიეთ ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე, მეორე ღამისთევა საბერწეზე გვქონდა კარვებში 3000 მეტრზე. შემდეგ ბეთლემის ქოხმა (3650 მ.) შეგვიფარა, მეოთხე ღამისთევა მეტეოსადგურში დავგეგმეთ, რათა აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო, მაგრამ ამინდის ”ფანჯარამ”, ანუ გამოდარებამ მწვერვალზე ასვლა დაგვაჩქარებინა.
რაც მთავარია, სტუდენტები ამ ექსპედიციით კმაყოფილნი დარჩნენ. რადგანაც ალპურ კლუბში გაერთიანების ბევრი მსურველია, პირველ შეკრებას ჭიათურაში ჩავატარებთ კლდეზე სპორტული ცოცვის მოყვარულთათვის, შემდეგ მთამსვლელთათვის ჭაუხებში მოვაწყობთ საკვალიფიკაციო შეკრებას, აგვისტოში ჩიტინისა და უშბის კედლების დალაშქვრას ვაპირებთ.
ანა დულარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხეკურსელი: წინა წლებში უშბაზე ორჯერ ვიყავი, მაგრამ ახლა მოულოდნელად ველი მასთან ახალ შეხვედრას. რაც შეეხება მყინვარწვერს, ის უკვე მეოთხედ დავლაშქრე, ამჯერად ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად. ქარელის რაიონიდან ვარ. მთას მეკლდეურობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა იულია თურმანიშვილმა დამაკავშირა - მისი რჩევით მივედი ბატონ ლადო გურჩიანთან. ეს იყო ოთხი წლის წინათ... დღეს პროფესიონალი ალპინისტი ვარ. სასურველია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ შეიგრძნოს ეს მშვენიერება, ეზიაროს ცხოვრების ჯანსაღ წესს.
ილია ბერულავა, საქართველოს მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის წევრი: ათი წელიწადია, სამთო გამყოლი ვარ, მყინვარზე ამსვლელებს ვეხმარები. მწვერვალი ექსპედიციის 21 წევრთან ერთად არასდროს დამილაშქრავს. რამდენიმე წელიწადია, ასეთი სტუდენტური ალპინიადა არ მოწყობილა. ილიაუნელებმა პირველებმა გაკვალეს გზა და, იმედია, მათს მაგალითს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებიც მიბაძავენ.