


მომავლის პროფესიები - რჩევები სტუდენტებს
ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ფინანსები - ეს ის სფეროებია, რომლებშიც უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი მოთხოვნა იქნება.
როგორ დავგეგმოთ კარიერა, როგორ შევადგინოთ CV და როგორ ვიპოვოთ საინტერესო სამსახური, - ამ და სხვა თემებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ესაუბრა. ”უმუშევრობა დიდი პრობლემაა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა; სწორად დაგეგმილი განათლება, შრომის ბაზრის ანალიზი და საინტერესო სექტორის იდენტიფიცირება არის უპირველესი ნაბიჯები წარმატებისკენ; ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს არა აქვთ ფუფუნება, დააფინანსონ კვლევითი პროექტები და გამოსცენ სახელმძღვანელოები. მხოლოდ საუნივერსიტეტო ცოდნა არ კმარა სამსახურის საპოვნელად, რადგან უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტს აძლევს მხოლოდ თეორიულ ცოდნასა და უნარებს, როგორ გამოიყენოს მიღებული განათლება. სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და თქვენი წარმატება თქვენს ხელთაა”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.