


მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ
21 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართა წიგნის "პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ" პრეზენტაცია.
წიგნი ეკუთვნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობას, მისი რედაქტორია პროფესორი გიგა ზედანია.
პრეზენტაციაზე წიგნის მნიშვნელობასა და შინაარსზე ისაუბრეს წიგნის რედაქტორმა გიგა ზედანიამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა
გიგი თევზაძემ და ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგო რატიანმა. მათი თქმით, "პოლიტიკური თეოლოგია: მოდერნულობამდე და მოდერნულობის შემდეგ" არის სტატიების კრებული, რომელშიც შევიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის შესწავლის ინსტიტუტის წევრების გამოკვლევები.
წიგნი ეხება რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების თეორიისა და ისტორიის საკითხებს საქართველოსა და მსოფლიოში მოყოლებული ადრეული შუა
საუკუნეებიდან დღემდე. თეორიული მიდგომების მრავალფეროვნება და გაანალიზებული ემპირიული მასალის მოცულობა - დაწყებული თეოლოგიით და დამთავრებული სახვითი ხელოვნებით - ამ წიგნს აქცევს სერიოზულ შენაძენად პოლიტიკური თეოლოგიის ირგვლივ დისკუსიისათვის, რომელიც დღეს როგორც
მსოფლიო აკადემიურ საზოგადოებაში, ისე მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოებაში ინტენსიურად მიმდინარეობს.