


მობილური ოპერატორების კვლევა
მიმდინარე წლის 10-15 აგვისტოს ,,ილიაუნი ბიზნეს რევიუს” მიერ თბილისის მასშტაბით ჩატარდა კვლევა მობილური ოპერატორების შესახებ. აღნიშნული კვლევის მეშვეობით შესწავლილ იქნა საქართველოში არსებული სამი მობილური ოპერატორის, ბილაინის, მაგთისა და ჯეოსელის მომხმარებელთა ქცევა.
კვლევის მიზანი იყო აღმოეჩინა მიზეზი, თუ რატომ ჩაერთო მომხმარებელი ამა თუ იმ ქსელში და რა შემთხვევაში დაპორტირდებოდა ის სხვა ოპერატორთან.
კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხულ იქნა 360 რესპოდენტი.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (49%) ჯეოსელის აბონენტი იყო, ხოლო უმცირესობა (20%) - ბილაინის. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რესპოდენტთა 37% მოცემულ ქსელში დაბალფასიანი ტარიფის გამო ჩაერთო.
გამოკითხულთა 51%-მა განაცხადა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაპორტირდებოდა სხვა ოპერატორთან, ხოლო 30% დაპორტირდებოდა უფრო დაბალფასიანი ტარიფის შეთავაზების შემთხვევაში.
კვლევის მიხედვით, კომპანიის სანდოობის ხარისხი და გაუმჯობესებული დაფარვის ზონა მომხმარებლისთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე იაფიანი სატარიფო გეგმა არა ჯეოსელს, არამედ მაგთის აქვს, მომხმარებელთა უმრავლესობას მაინც ჯეოსელი მიაჩნია ტარიფებს შორის ლიდერად და ამიტომ ირჩევს მას, რის მიზეზადაც ყველაზე ეფექტური მარკეტინგული კამპანია შეგვიძლია მივიჩნიოთ.