ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მიწისძვრები და ბუნებრივი კატასტროფები

ამერიკელმა გეოლოგმა და ექსპერტმა მიწისძვრების საკითხებში, დოქტორმა თომას ჰოლცერმა ილიაუნიში საჯარო ლექცია წაიკითხა, თემაზე - "მიწისძვრები და ბუნებრივი კატასტროფები 21-ე საუკუნეში".

ლექციას, სტუდენტების გარდა, პროფესორ-მასწავლებლები, მათ შორის სეისმოლოგიურ საკითხებზე მომუშავე მეცნიერები ესწრებოდნენ. საჯარო ლექციას საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასიც ესწრებოდა.

დოქტორი ჰოლცერი ამერიკის შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა დეპარტამენტის გეოლოგიურ საზოგადოებაში მუშაობს. თომას ჰოლცერს, როგორც მკვლევარსა და ლექტორს, მიწისძვრათა ეპიცენტრები შესწავლილი აქვს ავღანეთში, ნეპალში, იაპონიასა და ახალ ზელანდიაში. დოქტორი ჰოლცერი საქართველოში ჩამოვიდა თურქეთის ქალაქ ვანიდან, სადაც ის ამერიკელი გეოლოგების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

"ჩემი ლექციის თემაა კატასტროფული მიწისძვრები, რომლებმაც შეიძლება 50 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვიოს. ეს მიწისძვრები მსოფლიოს მრავალ რეგიონს აწუხებს, საქართველოც არაა გამონაკლისი. აქ ზოგიერთი შენობის მდგრადობა არაა საიმედო. უმნიშვნელოვანესია, მშენებლობების დროს მიწისძვრებისადმი მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი, ეს ძვირი არ ჯდება და მარტივად მოგვარებადია. ასევე მნიშვნელოვანია საავადმყოფოების, სკოლების და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამძლეობის უზრუნველყოფა, რადგან ზოგიერთი ძველი შენობა დიდ გამოწვევას წარმოადგენს მიწისძვრების დროს", - განაცხადა უცხოელმა ექსპერტმა.

დოქტორი ჰოლცერი აშშ-ის გეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ინჟინერ-გეოლოგია. მას მიღებული აქვს საინჟინრო-გეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი პრინსტონის უნივერსიტეტში, ასევე ჰიდროლოგიის მაგისტრისა და გეოლოგიის დოქტორის ხარისხები სტენფორდის უნივერსიტეტში. დოქტორი ჰოლცერი სტენფორდის უნივერსიტეტის კონსულტატ-პროფესორია, რომელმაც შეადგინა ამერიკაში მიწისძვრის რისკების ეროვნული გეგმა, მიწისძვრის შემდგომი კვლევების ჩასატარებლად.

ბანერები