ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Microsoft-ის საერთაშორისო კონკურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Microsoft-ის ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის -  Imagine Cup 2012-ის პრეზენტაცია გაიმართა. "წარმოიდგინე სამყარო, სადაც ტექნოლოგია ეხმარება მსოფლიოს უძნელესი პრობლემების მოგვარებაში".

Imagine Cup არის Microsoft-ის მიერ ორგანიზებული ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო IT კონკურსი, რომელიც მიმართულია ტექნოლოგიური გზით ურთულესი გლობალური პრობლემების მოგვარებაზე. მხოლოდ 2011 წელს მასში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტი ქვეყნის 325,000 სტუდენტმა.

საქართველო წელს პირველად ჩაერთო Imagine Cup-ის საერთაშორისო კონკურსში. მისი პირველი რეგიონალური ეტაპი ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით, სადაც გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელიც 2012 წლის ივლისში გაემგზავრება სიდნეიში მსოფლიო ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის მიზანია ამა თუ იმ გლობალური პრობლემის მოგვარება ტექნოლოგიური გზით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) ათასწლეულის განვითარების მიზნებში განსაზღვრა დედამიწაზე არსებული რამდენიმე ყველაზე რთული პრობლემა, რომელზე დაყრდნობითაც შეუძლია მონაწილეს მოამზადოს საკუთარი პროექტი. ეს პრობლემებია: შიმშილის და სიღარიბის დაძლევა, ზოგადი განათლების ყველასათვის ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, ორსულ ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სხვა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, განურჩევლად სასწავლებლისა და სპეციალობისა (მინიმალური ასაკობრივი ზღვარი - 16 წელი). მათ უნდა შექმნან მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ოთხი წევრისგან შემდგარი გუნდი. გუნდს შეიძლება ჰყავდეს მენტორი. თითოეულ სტუდენტს მხოლოდ ერთი გუნდის წევრობა შეუძლია და თითოეულ მენტორს - მხოლოდ ერთი გუნდის მენტორობა. ყოველი გუნდი წარადგენს ერთ პროექტს.

პროექტების მიღება დაიწყო 7 მარტს და სრულდება 15 აპრილს.

ჟიურის მიერ გამოვლენილი 10 საუკეთესო გუნდი მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ფინალში 28 აპრილს. ფინალში გამოვლინდება სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაც გადაეცემათ ფასიანი პრიზები.

პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება სიდნეიში (ავსტრალია) მსოფლიო ფინალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მას ელის მსოფლიო აღიარება და 25 000 $!

პროექტის ორგანიზატორები არიან: Microsoft Georgia და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. პროექტის მხარდამჭერები - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID, EPIGeorgia, სინგულარ ჯგუფი, ალგორითმი.

ბანერები