


მემორანდუმი ნოტარიუსთა პალატასთან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავჯდომარემ ნინო ხოფერიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრაზე მათ ისაუბრეს მემორანდუმის მნიშვნელობაზე და მიზნებზე, იმ აქტივობებზე, რომელთა განხორციელებასაც აპირებენ ისინი მემორანდუმის საფუძველზე. მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა ხელი შეუწყონ სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გაანალიზებასა და განზოგადებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, იურიდიული განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და შემდგომ გაღრმავებას.
აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად მხარეები ითანამშრომლებენ განათლების სფეროში, რომელიც მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, ესენია:
საქართველოსა და უცხო ქვეყნების კანონმდებლობა ნოტარიატის შესახებ;
სანოტარო მომსახურებაში დანერგილი სიახლეები და ინოვაციები;
ნოტარიატის სფეროში სამომავლოდ დაგეგმილი ცვლილებები და სიახლეები;
მოქალაქეებთან ურთიერთობის უნარები, ასევე სტუდენტებისთვის საინტერესო სხვა საკითხები. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდება ლექცია-სემინარები, მოეწყობა შეხვედრები და პრაქტიკული სწავლება სანოტარო ბიუროებში.
შეხვედრის ბოლოს ქალბატონმა ნინო ხოფერიამ წაიკითხა საჯარო ლექცია სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებით, მან ისაუბრა განხორციელდა ახლო წარსულში საქართველოს სანოტარო სისტემაში განხორციელებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე, ასევე უპასუხა დამსწრე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა შეკითხებს.