ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებული გამოვლინდა

ახალი ამბები

5 ოქტომბერს განათლების კოალიციის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალი გაიმართა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის გამარჯვებული აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიო გოგოხია გახდა. 

2020 წლის გამარჯვებული კონკურსის ჟიურიმ ხუთი საუკეთესო ფინალისტიდან გამოარჩია, ესენი არიან

  • სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

  • მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი;

  • ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა „ქორალის“ მათემატიკის მასწავლებელი;

  • თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისა და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

  • ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

დაჯილდოების ცერემონიის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, რომელმაც კონკურსისა და მასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონკურსის შესახებ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

ბანერები