


მართლმადიდებელი ეკლესიის როლი
(XX საუკუნის ბოლო - XXI საუკუნის დასაწყისი)ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გაიმართა ახალი წიგნის ”მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ქართული ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბებაში (XX საუკუნის ბოლო - XXI საუკუნის დასაწყისი)” პრეზენტაცია. ეს წიგნი შედეგია კვლევისა, რომელიც განხორციელდა კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელისა (Academic Swiss Caucasus Net) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მათივე მხარდაჭერით, 2010 წლის სექტემბრიდან 2012 წლის სექტემბრამდე.
წიგნზე მუშაობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები: თათია კეკელია, ელენე გავაშელიშვილი, ირინა სულხანიშვილი და კონსტანტინე ლადარია. ავტორთა თქმით, აღნიშნული ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენდა რომელიმე ინსტიტუტის გაკრიტიკება, არამედ მათი მიზანი იყო, ამ ინსტიტუტების მდგომარეობის შეძლებისდაგვარად ობიექტურად აღწერა. მკვლევრებმა ასევე ისაუბრეს იმ მეთოდებზე , რომლებიც მათ გამოიყენეს კვლევის მიმდინარეობისას.
კვლევისას მეცნიერებმა გამოიყენეს მსოფლიო ღირებულებათა კვლევისა და კავკასიის ბარომეტრის მონაცემები. კვლევის მეთოდს წარმოადგენდა ასევე ინტერვიუების ჩატარება. გამოკითხული იყო 30 სასულიერო პირი და 12 სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. მათთან გასაუბრებამ მკვლევრებს საშუალება მისცა, გაეგოთ, თუ როგორ ხედავენ ისინი ქართველ ერს, როგორ აფასებენ სახელმწიფოსა და ეკლესიის დღევანდელ ურთიერთობას, რამდენად ტოლერანტულები არიან სხვა კონფესიების მიმართდა სხვ.
კვლევა ჩატარდა პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მხარდაჭერით. პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მიზანია სამხრეთ კავკასიაში სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობების და ღონისძიებების მეშვეობით, როგორებიცაა: კვლევითი პროექტების დაფინანსება, ტრენინგების ჩატარება, სასწავლო და კვლევითი გრანტების გაცემა და სხვა.