


“LLOID’S RISK INDEX - საქართველო“
5 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ილიაუნი ბიზნეს რევიუს” მიერ მომზადებული კვლევის “LLOID’S RISK INDEX -საქართველო“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
მკვლევრები კვლევის მომზადებისას დაეყრდნენ მოდელს, რომლის მიხედვითაც, 2009 წლის კრიზისის დადგომასთან ერთად კომპანია „ლოიდის“ წარმომადგენლებმა ჟურნალ „ეკონომისტთან“ ერთად გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ კვლევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ კვლევის მიზანი იყო, შეესწავლათ მსოფლიო 500 ბიზნეს ლიდერის დამოკიდებულება არსებული ბიზნეს და გარემო რისკების მიმართ. პირველი კვლევის შემდეგ აღნიშნული ორგანიზაციები პერიოდულად ახდენენ რისკების დადგომის შემთხვევაში ორგანიზაციების მზაობის დონის შეფასებას. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრები.
პრეზენტაციას უძღვებოდა ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი. მისი თქმით, „ილიაუნი ბიზნეს რევიუმ“, თავის მხრივ, შეისწავლა, თუ როგორ აფასებენ საქართველოში ბიზნეს ლიდერები რისკებს და როგორია მზაობა რისკის დადგომის შემთხვევაში. კვლევისთვის გამოიკითხა საქართველოს 50-მდე წარმატებული კომპანიის ლიდერი.
კომპანიების შეფასება განხორციელდა 4 ძირითადი კატეგორიის მიხედვით:
• ბიზნესი და სტრატეგიული რისკი;
• ეკონომიკური და საბაზრო რისკები;
• გარემოსთან დაკავშირებული რისკები;
• ბუნებრივი მოვლენების რისკები.
კვლევის შედეგების მიხედვით:
• ყველაზე მაღალი ხარისხის რისკიდან თითქმის ყველა რისკის სფერო საქართველოსა და გლობალურ სამყაროში იდენტურია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო გახდა გლობალური სამყაროს ნაწილი;
• სრულიად იდენტურია რისკების განაწილება სფეროების მიხედვით (ბიზნესი, ეკონომიკა, გარემო და ბუნებრივი მოვლენები);
• გლობალური სამყაროსგან განსხვავებით საქართველოს ბიზნეს წარმომადგენლებში რისკების დადგომის შემთხვევაში კომპანიების მზაობის დონე უფრო დაბალია;
• ყველაზე მაღალი მზაობა შეინიშნება კანონმდებლობის ცვლილების რისკის დადგომის შემთხვევაში. რაც უნდა მიანიშნებდეს კანონების პოზიტიური მხარისკენ ცვლილების მოლოდინს.