


ლიტერატურული პორტალის პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული პორტალის librivivi.ge პრეზენტაცია გაიმართა. დამსწრე აუდიტორიას პორტალის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს იმ მწერლებმა, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში თავად დაწერენ წიგნებს, რა თქმა უნდა, მკითხველებთან ერთად.
დათო ტურაშვილმა, ანა კორძაია-სამადაშვილმა, ჯაბა ზარქუამ და ანინა ტეფნაძემ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი აზრით, პროექტი უნიკალურია სწორედ იმის გამო, რომ ახალი ნაწარმოებები მკითხველების უშუალო მონაწილეობით დაიწერება და შესაძლოა მათივე სურვილისამებრ შეიცვალოს.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა იდეის მთავარი ავტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მწერლებისა, ლიტერატურულ პორტალზე საკუთარ ნაწარმოებებს შექმნიან დავით დეფი, გიგა პაიჭაძე, ლაშა ბუღაძე, აკა მორჩილაძე,ზაზა ბურჭულაძე. მოლაპარაკებები იგეგმება სხვა მწერლებთანაც.
რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში ავტორის ნაწარმოებებთან წვდომა ყველა მკითხველისთვის უფასო იქნება.