


კორონავირუსის პანდემიის გამო IRCT სამეცნიერო სიმპოზიუმი 2020 გადაიდო 2021 წლის ოქტომბრამდე
ახალი ამბები
კორონავირუსის პანდემიის გამო IRCT სამეცნიერო სიმპოზიუმი 2020 გადაიდო 2021 წლის ოქტომბრამდე.
სიახლეები განთავსდება კონფერენციის ვებგვერდზე – www.irct2020.org
IRCT სამეცნიერო სიმპოზიუმი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსა (IRCT) და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ეწყობა.
საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) 2000 წელს დაარსდა. ამ არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ტრავმირებულ ადამიანებზე ზრუნვა. GCRT ძალადობის, წამების, დისკრიმინაციისა და სიძულვილის მსხვერპლთ სთავაზობს ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და სოციალურ სერვისებს. ცენტრის დახმარებით 10 000-ზე მეტმა პირმა წარმატებით გაიარა რეაბილიტაცია. GCRT აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან (განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების სამინისტროებთან) და კვლევებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის გაუმჯობესებაში. ამავე დროს GCRT-ის მიზანია ფართო საზოგადოებას, კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ინდივიდებს წამების გრძელვადიანი შედეგების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT), რომელიც 1985 წელს დაარსდა, ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სფეროში. ის 70 ქვეყნის 155 დამოუკიდებელ ორგანიზაციას აერთიანებს და მიზნად ისახავს როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას, ისე მათ გლობალურ მხარდაჭერას მსოფლიოში წამების პრეცედენტების აღსაკვეთად. IRCT-ში გაწევრიანებულია მსოფლიოს სხვადასხვა სამედიცინო კლინიკა. IRCT-ის წევრებს რთულ, ხშირ შემთხვევაში, საფრთხის შემცველ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოში უწევთ მუშაობა.
საბჭოს სამდივნო მდებარეობს კოპენჰაგენში, მისი სტელიტური ოფისი კი – ბრიუსელში.