


კონკურსი „ჩემი ბორჯომი“
კონკურსის „ჩემი ბორჯომი“ ავტორი და ორგანიზატორი კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოა". პროექტის მიზანი სტუდენტების წახალისება და მათთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების შესაძლებლობის მიცემაა.
12 სექტემბერს სტუდენტური კონკურსის „ჩემი ბორჯომის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილი დაიკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, მეორე ადგილი - გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა და მესამე ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტმა.
კონკურსში გამარჯვებისათვის მონაწილე გუნდებს უნდა შეესრულებინათ ორი დავალება, პირველი ეტაპისთვის უნდა მოეფიქრებინათ გარე სარეკლამო იმიჯები „ბორჯომის“ 2012 წლის სარეკლამო კამპანიისთვის, რომლის მთავარი სლოგანია „ბორჯომი - დაგიბრუნებს ჰარმონიას“; მეორე ეტაპისთვის კი უნდა მოეფიქრებინათ კრეატიული იდეა „ბორჯომის“ 2013 წლის სარეკლამო კამპანიისთვის, რომლის მთავარი მიზანიცაა აჩვენოს ის სიტუაციები, როცა ხდება „ბორჯომის“ მოხმარება.
კონკურსის საპრიზო ფონდი 10 ათასი ამერიკული დოლარი იყო. I ადგილის მფლობელებს 5000 ამერიკული დოლარი, II ადგილის მფლობელებს - 3000, ხოლო III ადგილის მფლობელებს 2000 ამერიკული დოლარი გადაეცათ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კი, როგორც პირველ ადგილზე გასული გუნდის წარმდგენი, 5 ათასი ლარით დაჯილდოვდება.
ჟიურის წევრები კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს“ მმართველები და სხვა მსხვილი ქართული კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ. წელს კონკურსში თბილისის ათი უნივერსიტეტის ათი გუნდი იღებდა მონაწილეობას.