ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კონფერენცია და ვორკშოპი: TED MINT - Technology-Economy-Design

ახალი ამბები

2016 წლის 10-14 იანვარს ისრაელში, ქალაქ ბერშევაში, გაიმართა საერთაშორისო მრავალპროფილური კონფერენცია და ვორკშოპი TED MINT - Technology-Economy-Design.

ღონისძიების მთავარი თემები იყო: ტექნოლოგია, ეკონომიკა, დიზაინი, ხოლო მიზანი - სხვადასხვა სპეციალობისა და ეროვნების ახალგაზრდების შემოქმედებითი ურთიერთთანამშრომლობა.

კონფერენცია ორგანიზებული იყო შვედეთის სამეფო ტექნიკური ინსტიტუტის, KTH-ისა და ისრაელის სემი შამუნის საინჟინრო კოლეჯის მიერ. ვორკშოპში მონაწილეობდნენ რამდენიმე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და სხვადასხვა სპეციალობის (არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, ბიზნესი, გრაფიკული დიზაინი, ინდუსტრიული დიზაინი, ელექტროინჟინერია) 50-მდე სტუდენტი, მათ შორის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის სამი სტუდენტიც: თინათინ ფეიქრიშვილი, გურამ მამისაშვილი, თამარ ტეხოვა.

შეიქმნა 6 ჯგუფი და ყოველი ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა სპეციალობის და ეროვნების სტუდენტებისგან. თითოეულ ჯგუფს ორი დავალება ჰქონდა შესასრულებელი.

დავალება პირველი:

 თემა - ,,Better place’’, ლოგოს შექმნა

აღნიშნულ თემაზე სტუდენტები მუშაობდნენ ისრაელში ჩასვლამდე. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ და ნამუშევრებს განიხილავდნენ ინტერნეტით. ბერშევაში ჩასვლის პირველსავე დღეს თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა საკუთარი ლოგო და მოსაზრება თემასთან დაკავშირებით. საუკეთესო ლოგოებს შორის იყო ილიაუნის ორი სტუდენტის (თინათინ ფეიქრიშვილი, გურამ მამისაშვილი) ნამუშევარიც.

დავალება მეორე:

1. ქ. ბერშევას სამეცნიერო პარკისთვის მარტივი და იაფი ექსპონატის ან სათამაშოს შექმნა, რომელიც ბავშვებს აუხსნიდა 3D პრინტერის მუშაობის პრინციპს.

2. რობოტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს შეუმსუბუქებდა არსებობას.

ყოველი სამუშაო დღე იწყებოდა დილის 8 საათზე წინა დღეს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციით. შემდეგ კი მონაწილეები აგრძელებდნენ მუშაობას საღამოს 9 საათამდე. სამდღიანი დაძაბული მუშაობის შედეგად დასრულებული ნამუშევრები საბოლოოდ განიხილეს პროფესორებმა და აღნიშნეს, რომ თითოეული მათგანი იმსახურებდა ყურადღებას. დასკვნით საღამოზე სტუდენტებს გადაეცათ ვორკშოპში მონაწილეობის სერტიფიკატები.

კონფერენციის/ვორკშოპის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ.

ბანერები