


კავკასიოლოგიური სასწავლო - პრაქტიკული სემინარი
მიმდინარე წლის 15-17 მარტს დედოფლისწყაროში ჩატარდა რიგით მესამე კავკასიოლოგიური სასწავლო - პრაქტიკული სემინარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა, დოქტორანტთა და მაგისტრების მიერ სემინარზე წარმოდგენილი ინტერდისციპლინარული ხასიათის მოხსენებები და მომავალი კვლევითი პროექტების სამუშაო მონახაზები შეეხებოდა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის ისტორიისა და ხალხთმცოდნეობის აქტუალურ საკითხებს. აღნიშნული მოხსენებები მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევების ლაბორატორიაში და თავის მხრივ, წარმოადგენს ამ ლაბორატორიის ბაზაზე მომზადებული მონაცემთა ბაზის -,,საქართველოს ეთნოგრაფიული ლექსიკონის” ნაწილს.
იენის (გერმანია) და მონრეალის (კანადა) უნივერსიტეტების პროფესორმა, ბ-ნ ქევინ თუითმა სემინარის მონაწილეებს გააცნო მისი ხელმძღვანელობით მომზადებული კვლევით პროექტი - Transformations of Sacred Spaces, Pilgrimages and Conceptions of Hybridity in the Post-Soviet Caucasus. აღნიშნული პროექტი უკვე დაფინანსებულია გერმანული ფონდის -Volkswagenstiftung-ის მიერ და განხორციელდება 2013/15 წწ-ში. პროექტის მუშაობაში ჩართულნი არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ბუხრაშვილი, სტუდენტები და კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები.