


კარლო გინძბურგი ილიაუნიში
ცნობილმა ისტორიკოსმა კარლო გინძბურგმა, რომლის საჯარო ლექცია და წიგნის პრეზენტაცია ორშაბათს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა, ილიაუნის შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამა წარადგინა.
სამაგისტრო პროგრამა შუა საუკუნეების კვლევები მოიცავს ქართული, ბიზანტიური და დასავლეთევროპული შუა საუკუნეების ისტორიას, ფილოსოფიას, თეოლოგიას, ამ ეპოქის ლიტერატურის, ენისა და ხელოვნების ისტორიას. სტუდენტები შეისწავლიან და გამოიკვლევენ შუა საუკუნეების კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო, რეგიონალურ და ნაციონალურ კონტექსტში.
უკანასკნელ ხანს შუა საუკუნეების ინტერდისციპლინურ შესწავლას დასავლური უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. იქმნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც სტუდენტებს შუა საუკუნეების სპეციალისტებად ჩამოაყალიბებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამა სწორედ ამ ახალ ტენდენციას უპასუხებს და მოამზადებს აკადემიური კარიერის მსურველ ფილოსოფოსებს, სოციოლოგებს, ენათმეცნიერებს, ლიტერატურისა და ხელოვნების მკვლევრებს.
კარლო გინძბურგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე ისტორიკოსია. იტალიელი მეცნიერი ავტორია მრავალი გამოკვლევისა, რომელთა კრებული ”ნაკვალევები. მითები. მიკროისტორია” ქართულად გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. პრეზენტაციაზე ისტორიკოსს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.