ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინოვაციების ბანაკი ფინანსური წიგნიერების თემაზე

ახალი ამბები

2019 წლის 17 ნოემბერს ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართა ინოვაციების ბანაკის ღონისძიება ფინანსური წიგნიერების თემაზე. ღონისძიება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით წელს მესამედ მოეწყო. პროექტში მონაწილეობა მიიღო 15-დან 18 წლამდე 110-ზე მეტმა ახალგაზრდამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ინოვაციების ბანაკი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში ხორციელდება და 2019 წელს საქართველოს სხვადასხვა კომერციული ბანკების (საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, ფინკა ბანკი საქართველოთიბისი ბანკი) თანადაფინანსებითა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ პარტნიორობით განხორციელდა.

ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე იდეების ინტენსიური გენერირების 12-საათიანი ღონისძიებაა, რომელშიც მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის სფეროში არსებული საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო. ახალგაზრდების ამოცანაა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური, ინოვაციური მეთოდებით მოიძიონ პრობლემების გადაჭრის გზები.

ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს  ფინანსური განათლების თემაზე ჩაუტარდათ ლექცია, რომელზეც ახალგაზრდებმა იმსჯელეს ფინანსური განათლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ამის შემდეგ მათ მიეცათ სიტუაციური დავალება, რომლის გადაჭრის გზებზეც დღის განმავლობაში გუნდურად იმუშავეს.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ისწავლეს, როგორ უნდა განვითარონ იდეები და ჩამოაყალიბონ შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში მათ ჰქონდათ წვდომა საჭირო ინფორმაციასა და რესურსებზე. ამასთან მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რჩევები მიეღოთ საბანკო-საფინანსო სექტორიდან მოწვეული გამოცდილი ექსპერტებისგან და მათთან გაევლოთ ინტენსიური კონსულტაციები. 

ღონისძიების დასასრულს თითოეულმა გუნდმა გამართა პრეზენტაცია, რის საფუძველზეც კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. გამარჯვებულებსა და ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცათ საჩუქრები და 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში მონაწილეობისთვის.

ბანერები