ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა მეცნიერებისათვის დღემდე უცნობი ნემატოდის ახალი სახეობა აღწერა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ოლეგ გორგაძემ უცხოელ კოლეგებთან ერთად მეცნიერებისათვის დღემდე უცნობი ნემატოდის ახალი სახეობა Phasmarhabditis thesamica n. sp. აღწერა. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Nematology-ში.

Phasmarhabditis thesamica n. sp. (Nematoda: Rhabditidae), a new slug nematode from southern slope of Caucasus, Georgia

ოლეგ გორგაძემ კოლეგებთან – ალბერტო ტროკოლთან, ელენე ფარელთან, ფრანჩესკა დე ლუკასა და ეუსტაჩიო ტარასკოსთან – ერთად აღწერა ნემატოდების გვარის Phasmarhabditis Andrássy, 1976-დან მეცნიერებისათვის ახალი სახეობა Phasmarhabditis thesamica n. sp. ამ გვარიდან მეცნიერთა მიერ დღემდე აღწერილია სულ 17 სახეობა, ნიადაგში მცხოვრები ფორმები – მოლუსკების, კერძოდ ლოქორებისა და ლოკოკინების ფაკულტატიური პარაზიტები. იშვიათია პათოგენური ფორმები. ახალი სახეობის ნემატოდა გამოვლენილია ლოქორას – Deroceras reticulatum-ის (Mollusca: Agriolimacidae) სხეულიდან. ლოქორები შეაგროვეს მცხეთა-მთიანეთის რაიონის სოფელ თეზამში, კერძო სექტორის ჟოლოს ბაღში.ლოქორას სხეულიდან გამოვლენილი პარაზიტული ნემატოდების მორფოლოგიურ-მორფომეტრიული კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ენტომოპათოგენების შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში, ხოლო მოლეკულური – იტალიაში.

აღწერის პროცესში სინათლის მიკროსკოპზე ჩახატულ იქნა P. thesamica n. sp. მდედრის, მამრისა და ლარვის სხეულის დეტალები, გადაიღეს ფოტოსურათები და შესრულდა მორფომეტრიული განაზომები. ფილოგენეტიკური თვალსაზრისით გამოკვლეულ იქნა სამი რიბოსომული გენი: 28S rRNA, 18S rRNA, ITS და D2-D3, გაფართოებული დომენები. შედარებითი კვლევითი ანალიზის მიხედვით დადასტურდა ნემატოდი, როგორც მეცნიერებისთვის ახალი სახეობა.

2022 წელი

ბანერები