ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის თეატრის გასტროლი

2010 წლის 10-21 ნოემბერს ახალციხის სახელმწიფო თეატრი ეროვნული დრამატურგიის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში 11 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასი მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ესტუმრა და რეჟისორ ოთარ ეგაძის დადგმული ”ჭკუისა მჭირს” წარმოადგინა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა, რადგან მას 600-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, რომელთა შორის საქართველოს პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსიც იყო.

ეროვნული დრამატურგიის ფესტივალზე საქართველოში არსებული ყველა თეატრი მონაწილეობს. რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, თავისუფალი, თეატრი ათონელზე, ბათუმის, ქუთაისის და სხვა თეატრების დასები ათი დღის განმავლობაში წარმოადგენენ სპექტაკლებს, შემოსული თანხა კი ახალციხის თეატრს მოხმარდება.

”ჩვენ თეატრს დიდიხნის ისტორია აქვს, მესხეთის სახელმწიფო თეატრი 1874 წელს დაარსდა და პირველი აფიშაც სწორედ ამ დროს გამოჩნდა”, - გვითხრა თეატრის მმართველმა ქალბატონმა ლია სულუაშვილმა. სწორედ მისი ძალისხმევით აგრძელებს ახალციხის თეატრი ტრადიციას და დგას ქართული კულტურის სადარაჯოზე.

ბანერები