


ილიაუნის სტუდენტები ბავშვთა ცენტრში „ბეღურები“
ილიაუნის სტუდენტები ეწვივნენ თბილისის ბავშვთა დღის ცენტრს – „ბეღურები“, სადაც ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტმა ნინო იაშვილმა უნივერსიტეტში არსებული ფსიქოლოგთა კლუბის წევრებთან ერთად ცენტრის ბავშვებს ჩაუტარა ტრენინგი არტ-თერაპიაში და წინასწარ მიულოცა ახალი წელი.
ხელოვნების დარგები თერაპიული, ფსიქოპროფილაქტიკური, რეაბილიტაციური და ტრენინგის მიზნებით გამოიყენება. ე.წ. ფსიქოლოგიურ არტ–მეთოდებში ხელოვნების ისეთი დარგები გამოიყენება, როგორიცაა: სახვითი, მუსიკალური, დრამატული თუ ქორეოგრაფიული ხელოვნება. არტ-თერაპია უპირატესად ჯგუფური მუშაობის მეთოდია. ეს მეთოდი ხელს უწყობს ადამიანის ემოციებისა და აზრების გამოხატვას შემოქმედებითი პროცესის საშუალებით. მეთოდი ნათლად ავლენს პიროვნულ თავისებურებებს, ეხმარება ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ დანახვასა და თვითშეფასების ამაღლებაში, ხელს უწყობს საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებაში, შინაგანი კონფლიქტების მოგვარებაში. ჯგუფის წევრები ხატავენ ან ძერწავენ საკუთარ თავს, მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, თავიანთ მტკივნეულ განცდებს. შემდეგ კი ხდება ყოველივე ამის ჯგუფში განხილვა. ეს ერთი მხრივ განმუხტვაა, მეორე მხრივ კი განცდების გაზიარების საშუალება. არტ-თერაპიას აქვს ასევე ერთი მნიშვნელოვანი თვისება: ის ხელს უწყობს მტკივნეული განცდის ან წარმოდგენის „გარეთ გამოტანას“, ანუ პრობლემა გადაიტანება მხატვრულ პროდუქტში, რაც ხელს უწყობს ადამიანის მისგან დისტანცირებას. ადამიანი თავის პრობლემას თითქოს გვერდიდან უყურებს და უფრო უადვილდება მისი გადაწყვეტა, ვინაიდან პრობლემა უკვე ნაკლებადაა დამუხტული ემოციებით. ფსიქოლოგიური არტ–მეთოდების ფუნქციებს შორის გამოიყოფა ემოციური (განმუხტვა), სოციალური (ადამიანებთან ურთიერთობის გაადვილება) და კოგნიტური (შემეცნება, გაგება) ფუნქციები.
მოგეხსენებათ, რომ ფსიქოლოგები მუშაობენ სხვადასხვა ფსიქო–სოციალური პრობლემების მქონე პირებთან, მათ შორის ბავშვებთან. ამ შემთხვევაში, პროექტის ორგანიზატორმა აირჩია ბავშვები, რომლებთაც, თავიანთი სურვილის მიუხედავად, მშობლიური სახლის ნაცვლად, დღის ცენტრში უწევთ ცხოვრება. თერაპევტმა გამოიყენა ხატვა, მუსიკა, ცეკვა და სხვა ფიზიკური აქტივობები, რითაც შეძლო მოზარდების ჩართვა და აყოლიება. მათ ერთად დახატეს კოლექტიური ნახატი, რისი მეშვეობითაც ერთმანეთს გაუზიარეს ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ერთი–მეორის მიმართ განიცდიდნენ.
ტრენინგს საქველმოქმედო სახე მიეცა და ორგანიზატორებმა დღის ცენტრის ბავშვებს ტკბილეულობა და მცირეოდენი საჩუქრები მიუტანეს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ტრენინგი, არა მხოლოდ დღის ცენტრის ბავშვებს დაეხმარა, არამედ თავად სტუდენტებსაც, რომლებიც დაესწრნენ და ჩაერთვნენ აქტივობებში. სტუდენტებისთვის ეს პროფესიული უნარ–ჩვევების ტრენინგიც იყო და იმედია, ამ უნარ–ჩვევებს აუცილებლად დახვეწენ და გამოიყენებენ მომავალ საქმიანობაში.
აღნიშნული ტრენინგი მიმდინარეობდა ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას ხელმძღვანელობით.