


ილიაუნის საზაფხულო სკოლების გახსნა
27 აგვისტოს საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოფიციალურად გაიხსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლები: ”საქართველოს კვლევები” და ”სამხრეთ კავკასია: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა”.
საზაფხულო სკოლები გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქეთევან გურჩიანმა, რომელიც ამ სკოლების ხელმძღვანელია. გახსნას ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური, DAAD-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი, გერმანიის ელჩი საქართველოში ორტვინ ჰენიგი, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუმრები.
უკვე მეორე წელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს Go East საზაფხულო სკოლას გერმანელი სტუდენტებისთვის. საზაფხულო სკოლა ”სამხრეთ კავკასია: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა” დაფინანსებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD - ის) მიერ. მასში მონაწილეობის მისაღებად 20 გერმანელი სტუდენტი და ორი გერმანელი ექსპერტი: უვე ჰალბახი და იორგ შტადელბაუერი არიან ჩამოსული. სწავლების დროს განსახილველი საკითხები სამხრეთ კავკასიის ეკოლოგიას, კულტურას, ეთნოგრაფიას, საზოგადოებას და პოლიტიკას მოიცავს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს პირველად მასპინძლობს კიდევ ერთ საზაფხულო სკოლას, რომლის კარი ღიაა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის.
საზაფხულო სკოლაში, სახელწოდებით ”საქართველოს კვლევები”, რომელიც ფინანსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, მონაწილეობს 10 სტუდენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და 10 ქართველი სტუდენტი. მისი მთავარი თემატიკაა თანამედროვე საქართველოს საზოგადოების, პოლიტიკის, კულტურის საკითხების შესწავლა, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას საქართველოში მიმდინარე პროცესების, მოვლენებისა და კულტურის შესახებ.