


ილიაუნის საზაფხულო სკოლა ევროპელი სტუდენტებისათვის
26 აგვისტოს, 18.00 საათზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე საზეიმოდ გაიხსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა „სამხრეთი კავკასია: კულტურა, საზოგადოება,პოლიტიკა”. გახსნას დაესწრნენ როგორც გერმანიის საელჩოს, ასევე სკოლაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უკვე მესამე წელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მხარდაჭერით ატარებს საზაფხულო სკოლას „სამხრეთი კავკასია: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“. 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს 20 გერმანელ სტუდენტსა და 2 გერმანელ პროფესორს, ესენი არიან პოლიტიკის მეცნიერებების და კულტურული გეოგრაფიის ცნობილი სპეციალისტები: დოქტ. უვე ჰალბახი (ბერლინი) და პროფ. იორგ შტადელბაუერი (ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტი). გერმანელი სტუდენტები არიან ძირითადად პოლიტიკის მეცნიერების, კულტურის კვლევების, მედიისა და კავკასიოლოგიის სფეროებიდან. წელს მონაწილეობაზე განცხადება გერმანიიდან შემოიტანა დაახლოებით 60-მა მსურველმა.
თავდაპირველად DAAD აფინანსებდა 15 სტუდენტს, საზაფხულო სკოლის განსაკუთრებული პოპულარობის გამო პროგრამას კიდევ 5 სტიპენდია დაემატა.
მსურველთა რიცხვითა და კონკურსით DAAD-ს საზაფხულო სკოლებს შორის ჩვენი სკოლა პირველ ადგილზეა, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტისას გვაცნობა დოქტ. ჰილერმა, DAAD-ის სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა და თანამშრომლობის გაფართოება შემოგვთავაზა.