


ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი
29 სექტემბერს ვაკის პარკში გაიმართა ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი. ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. გიგი თევზაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და განათლების და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლებმა და პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ურსულა დოროშევსკამ.
ასეთი ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა, სამეცნიერო პიკნიკი წარმოადგენს ერთდღიან შემეცნებით ღონისძიებას ღია ცის ქვეშ, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას. სამეცნიერო პიკნიკისათვის ვაკის პარკში მოეწყო 46 პავილიონი, სადაც ბავშვებისათვის საინტერესო ინტერაქტიული წარმოდგენები და ექსპერიმენტები მოეწყო. ცენტრალურ სცენაზე პოლონეთის და ესტონეთის სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს სამეცნიერო შოუები.
ღონისძიება უპირველესად განკუთვნილი იყო მოზარდი, სკოლის ასაკის თაობის წარმომადგენლებისათვის. პიკნიკის მთავარი ამოცანა იყო ხალისიანი ფორმით წარმოეჩინა თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. ”მეცნიერება ბავშვებს” - ასეთი იყო ინტერაქტიული და გასართობი ღონისძიების მესიჯი.
ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს მთელი დღის განმავლობაში 6000-მდე ადამიანი ეწვია, რომელთა ძირითად ნაწილს სკოლის მოსწავლეები წარმოადგენდნენ. მთელი დღის განმავლობაში ილიაუნის როკ-ფესტივალი 2012-ის გამარჯვებული ჯგუფი Evergreen და ჯგუფი Watersplash სტუმრებისათვის მუსიკალურ კომპოზიციებს ასრულებდნენ.
ევროპის ქვეყნებში სამეცნიერო პიკნიკები უკვე 15 წელია ტარდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ღონისძიება მომზადდა თბილისის მერიის, პოლონეთის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით.