


ილიაუნის საკვირაო სკოლა: ხაზვის გრაფიკული ენა
ახალი ამბები
ილიაუნის საკვირაო სკოლის ფარგლებში სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა კიბერლაბორატორია უნილაბთან თანამშრომლობით საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური და დიზაინერული საქმიანობით დაინტერესებულ X-XII კლასების მოსწავლეებს მთელი საქართველოდან გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, მოიპოვოთ უნივერსიტეტისგან დაფინანსება და დაეუფლოთ ხაზვის გრაფიკული ენას.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო პროექტი დისტანციურად განხორციელდება.
კონკურსის წესით შერჩეულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, სრული დაფინანსებით გაიარონ პრაქტიკული კურსის „ხაზვის გრაფიკული ენა“ 8-კვირიანი კურსი (10 გაკვეთილი) და დაეუფლონ:
- გრაფიკული გამოსახულების სპეციფიკური სახის (ნახაზის) მეთოდოლოგიურ საფუძვლებს;
- გეომეტრიულ აგებებსა და გეგმილური (პროექციული) ხაზვის ხერხებს;
- ნახაზების ხელით შექმნას;
- ფორმისა და კომპოზიციის შექმნას;
- კომპიუტერული ტექნოლოგიების საფუძვლებს;
- სათანადო ხელსაწყო-იარაღების, მასალებისა და მოწყობილობების გამოყენებას ავტომატიზებული მეთოდით ნახაზის შესაქმნელად.
ვის შეუძლია გახდეს კურსის მონაწილე?
კურსის მონაწილეები შეუძლიათ გახდნენ საქართველოში ავტორიზებული საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულების X-XII კლასების მოსწავლეები, რომელთაც აინტერესებთ საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური და დიზაინერული საქმიანობის შესწავლა.
როგორ გავხდე კურსის მონაწილე?
2022 წლის 31 მარტამდე შეავსეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა და მოტივაციის წერილი, რის საფუძველზეც შეირჩევიან კურსის მონაწილეები. ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მოიპოვებენ კურსის გავლისთვის 100%-იან დაფინანსებას.
სწავლების ფორმატი და განრიგი
სწავლა დაიწყება 2022 წლის 8 აპრილიდან. ლექციები ჩატარდება დისტანციურად კვირაში ერთხელ, თითოეული ლექციის ხანგრძლივობა – 1 საათი.
შეხვედრები ჩატარდება თიმსის პლატფორმით.
სერტიფიკატი
თითოეული მსმენელი, რომელიც დაესწრება კურსით გათვალისწინებული ლექციების სავალდებულო რაოდენობას, მიიღებს კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა
გაზაფხულზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა გამოაცხადებს ყოველწლიურ კონკურსს „კონსტრუქტორი“. კურსის მონაწილეებს მიღებული ცოდნა დაეხმარებათ წარმატებით გაართვან თავი „კონსტრუქტორის“ საკონკურსო დავალებას და უნივერსიტეტისგან მიიღონ პირობებიანი სასტიპენდიო ვაუჩერი, რომელიც გულისხმობს დაფინანსების მოპოვებას ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში.
სწრაფი ბმულები
- სააპლიკაციო ფორმა
- ილიაუნის საკვირაო სკოლის შესახებ