ილიაუნის მკვლევარი ნათია ბარათელი პასკალის პრემიით დაჯილდოვდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ნათია ბარათელი დაჯილდოვდა პასკალის პრემიით საერთაშორისო ჟურნალში Evolutionary Ecology სტატიის Trade-off between local persistence and rapid expansion? A case study of a parthenogenetic lizard species and its sexually reproducing ancestor გამოქვეყნებისთვის.
აბსტრაქტი
კვლევა ჩატარდა საქართველოში გავრცელებული კავკასიური კლდის ხვლიკების ორსქესიან და პართენოგენეზულ სახეობებზე. მათი ზუსტი ასაკისა და ზრდის დინამიკის შესაფასებლად გამოყენებული იყო სკელეტოქრონოლოგიური მეთოდი, რომელიც ფალანგის ძვლის განივ ჭრილში ზრდის წლიური ხაზების (LAGs) ანალიზს ეფუძნება.
კვლევამ აჩვენა, რომ პართენოგენეზული სახეობები უფრო ადრე აღწევენ სქესობრივ სიმწიფეს, მეტ ენერგიას ახმარენ გამრავლებას და, რადგან ყველა ინდივიდს შეუძლია შთამომავლობის დატოვება, მათი პოპულაციები უფრო სწრაფად იზრდება, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ახალ ტერიტორიებზე გავრცელებასა და არეალის გაფართოებას. თუმცა ამ სტრატეგიას ახლავს სიცოცხლის შედარებით მოკლე ხანგრძლივობა და გარემოს ცვლილებებისადმი მეტი მოწყვლადობა. ამის საპირისპიროდ, სახეობები, რომლებიც სქესობრივად მრავლდებიან, ნაკლებად არიან ორიენტირებულნი სწრაფ გამრავლებაზე, არამედ უფრო მეტად – სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რაც მათ პოპულაციებს არახელსაყრელი გარემო პირობების გადატანისა და აღდგენის მეტ საშუალებას აძლევს.
ნაშრომში განხილულია, როგორ ახერხებენ პართენოგენეზული და სქესობრივად გამრავლებადი სახეობები ერთსა და იმავე გარემოში ხანგრძლივ თანაარსებობას და რა დემოგრაფიული მექანიზმები უდევს ამას საფუძვლად. ერთი შეხედვით თითქმის იდენტური, ერთი ქვის ქვეშ მცხოვრები ეს ხვლიკები სრულიად განსხვავებულ ევოლუციურ სტრატეგიებს იყენებენ.
გამოცემა: Evolutionary Ecology – Clarivate Analytics-ის (Web of Science) ბაზაში ინდექსირებული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი (2.0 იმპაქტფაქტორი). მიეკუთვნება ეკოლოგიისა და ევოლუციური ბიოლოგიის დარგობრივ გამოცემებს (Q3).
2026