


ილიაუნის ექსპედიცია სვანეთში
მიმდინარე წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამოქმედდა კვლევითი პროექტი - "საქართველოს ეთნოგრაფიული ლექსიკონი (მონაცემთა ბაზა)".
პროექტი ითვალისწინებს საუნივერსიტეტო ქსელურ სივრცეში პორტალის მომზადებას, რომელზეც, სათანადო სამეცნიერო აპარატის დართვით, განთავსდება ტექსტური, ფოტო, აუდიო, ვიდეო და გრაფიკული მასალა საქართველოს ეთნოგრაფიული ყოფის შესახებ.
მასალა წარმოდგენილი იქნება სიტყვანის მიხედვით, ანბანური მიმდევრობით და საძიებო სისტემით ისე, რომ შესაძლებელი იქნება მისი მუდმივი განახლება.
პროექტის პრაქტიკული დანიშნულებაა, დაეხმაროს სტუდენტებს (ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს) შეთავაზებული საისტორიო საუნივერსიტეტო დისციპლინების უკეთ დაუფლებაში როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების დონეზე.პარალელურად, კვლევით სამუშაოებში სტუდენტების ჩართვისა და არტეფაქტების ყოფაში დადასტურება-აღწერის მიზნით, გათვალისწინებულია მოკლევადიანი ექსპედიციების მოწყობაც საქართველოს მხარეებში. კვლევით სამუშაოებში ჩართული არიან უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.
სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ა.წ-ის 21 სექტემბრიდან - 28 სექტემბრის ჩათვლით უნივერსიტეტის ექსპედიცია პროფ. პაატა ბუხრაშვილის, დოქტორანტ მარიამ ომიაძის და ბაკალავრიატის სტუდენტის, ლიკა ლიპარტელიანის შემადგენლობით იმყოფებოდა სვანეთში, ლენტეხისა და მესტიის რაიონებში. ექსპედიციის წევრებმა ადგილზევე ეთნოგრაფიულ ყოფაში აღწერეს და დაადასტურეს ქართველი ერის ყოფისა და კულტურის მახასიათებელი ელემენტები და არტეფაქტები. მოპოვებული და სათანადო ლაბორატორიაში გამოსაკვლევად ჩამოტანილ იქნა შუა საუკუნეების უნიკალური ქსოვილის ბოჭკოს სინჯები. აგრეთვე ლენტეხის ახალგაზრდულ ცენტრში, ფართო აუდიტორიის წინაშე, პროფ. პაატა ბუხრაშვილმა წაიკითხა მოხსენება - "ერთი ქართული იკონოგრაფიული მოტივის თაობაზე".