


ილიაუნის ახალი სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია
9 ივლისს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოთხი ახალი სადოქტორო პროგრამა წარადგინა: საქართველოს კვლევები, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის კვლევები, იდენტობის კვლევები, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სისტემების კვლევები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამები უნიკალურია საქართველოში, ინტერ და მულტიდისციპლინური კვლევის პრინციპებზეა აგებული და ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადსხვა დარგის აღიარებული მკვლევარები უკვე მერამდენე წელია ერთობლივად შეისწავლიან სხვადასხვა საკვლევ თემებს. მიმდინარე კვლევებში ჩართვით ისინი მომავალ დოქტორებს საკვლევი ობიექტის სხვადასხვა დარგიდან დანახულ პერსპექტივებს სთავაზობენ.
მაგალითად, საქართველოს კვლევებში პოლიტოლოგები, ისტორიკოსები, სოციოლოგები, ფილოლოგები, დემოგრაფები, ეთნოგრაფები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვა წარმომადგენლები ერთობლივად შეისწავლიან საქართველოს პოლიტიკურ ტრანსფორმაციას, საზოგადოებრივ მოდერნიზაციას, კულტურისა და უახლესი ისტორიის ასპექტებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთია საქართველოში, სადაც სადოქტორო სწავლება უფასოა.