


ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებმა მონაწილეობა მიიღეს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის საერთაშორისო ფორუმში
ახალი ამბები
24 -25 ნოემბერს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის (პოლონეთი) მიწვევითა და დაფინანსებით ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა 11-კლუბი (YEC) მონაწილეობდა საერთაშორისო ფორუმში.
ფორუმის მისიაა იმ ადამიანთა გაერთიანება, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და მისიას – ბავშვებსა და მოზარდებს დაეხმარონ კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობის განვითარებაში, პრობლემის გადაჭრის უნარის გამომუშავებაში.
YEC ფორუმზე პროექტები წარმატებით წარადგინეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებმა: კონკურსის „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი-2023“ გამარჯვებულმა ქეთევან ედიბერიძემ („ანაბასისი“, ზესტაფონი), ელისო აბრამიშვილმა (სსიპ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა, საჩხერე), მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულმა ნინო ფსუტურმა (ქ. გორის მე-8 საჯარო სკოლა, გორი), ვაჟა ტეტუნაშვილმა (სოფელ იმერის საჯარო სკოლა, წალკის მუნიციპალიტეტი), ნათელა ბაღათრიშვილმა (სსიპ ქალაქ თელავის მე-7 საჯარო სკოლა, თელავი), თამარ ბერიძემ (ქვემო სობისის საჯარო სკოლა, გორი), მარინე ჭელიძემ (საერო სკოლა „ბინული“, თბილისი), მაია ხარაძემ (სოფელ ხარაულის საჯარო სკოლა, აჭარა), თინათინ ბერიძემ (გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრისის საჯარო სკოლა; ბორჯომი) და თამარ დობორჯგინიძემ (ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა).
ილიაუნი, როგორც ცენტრის პარტნიორი და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ხელმძღვანელი საქართველოში, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის, SALiS-ის ხელმძღვანელ, პროფესორ მარიკა კაპანაძესა და კლუბის წევრ მასწავლებლებთან/ კოორდინატორებთან ერთად მიწვეული იყო ფორუმზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციით დაინტერესდნენ ფორუმის მონაწილენი და დაიგეგმა პროექტები პოლონელ მასწავლებლებსა და გერმანელ პარტნიორებთან ერთად.
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მიზანია სხვადასხვა ინტერესებისა და ასაკის მოზარდების გაერთიანება საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების ერთად ჩასატარებლად. ასე ყალიბდება ახალი ტიპის ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც მათ დაეხმარება მეცნიერებათა შესწავლასა და შემეცნებაში.
2023