ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევარის წარმატება

ილიას უნივერსიტეტის მკვლევარს გიორგი დალაქიშვილს ლუვენისა და ბოხუმის უნივერსიტეტების ორმაგი სადოქტორო ხარისხი მიენიჭა.

გიორგი დალაქიშვილი SOLAIRE Research And Training Network-ის გრანტით 2007 წელს ლუვენის (ბელგია) და ბოხუმის (გერმანია) უნივერსიტეტების ერთობლივი დოქტორანტი გახდა.

გიორგიმ ძალიან წარმატებულად იმუშავა და სამ წელიწადში მოამზადა და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: 'დინამიური პლაზმური პროცესების კვლევა ვარსკვლავურ ქარებში' ('Study of dynamical plasma processes in stellar winds'). სადოქტორო კვლევა ეხებოდა იმ საინტერესო და ჯერაც ბოლომდე აუხსნელ ფიზიკურ პროცესებს, რომლებსაც ადგილი აქვთ პულსარების და მზის მსგავსი ვარსკვლავების ქარებში. ეს თემატიკა მაღალი აქტუალურობით გამოირჩევა და თეორიული ასტროფიზიკის ცენტრის კვლევითი პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

განსაკუთრებით საგულისხმო და საინტერესოა, რომ მას ე.წ. "Joint Degree" მიენიჭა რაც ძალიან იშვიათი და საპატიო მოვლენაა: ლუვენის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა ხარისხი - „მეცნიერებათა დოქტორი: მათემატიკა "(Doctor of Sciences: Mathematics, PhD)", ხოლო ბოხუმის უნივერსიტეტმა კი - „საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი" (Doctor of Natural Science, Dr. rer.nat.).

სადისერტაციო ნაშრომის დაცვის ჟიურის წარმოადგენდნენ: სამი წევრი ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტიდან, სამი ბოხუმის უნივერსიტეტიდან და ერთი მოწვეული წევრი ანდრია როგავა, ასტროფიზიკის ასოცირებული პროფესორი, გიორგი დალაქიშვილის ხელმძღვანელი საქართველოდან.

სადოქტორო ნაშრომის დასრულების შემდეგ, გიორგი დალაქიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და აპირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს თავისი მეცნიერული მოღვაწეობა.

ბანერები