


ილიაუნი საქართველოს განათლების კვირეულზე
2011 წლის 5-13 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თბილისის მერიის ორგანიზებით გამართულ გამოფენაში - ”საქართველოს განათლების კვირეული 2011”. გამოფენაში მონაწილეობდნენ კერძო, სახელმწიფო და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა საგანმანათლებლო სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ვიცე-მერმა დავით ნინიძემ გახსნეს.
გამოფენის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ”ექსპო ჯორჯიაში” შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, სწავლის პირობები, უნივერსიტეტში კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წლიურ ანგარიშს, ბროშურებსა და პუბლიკაციებს ფაკულტეტების შესახებ. ასევე ნაჩვენები იქნა პრეზენტაციები მიმდინარე პროექტებზე.
გამოფენაში ”საქართველოს განათლების კვირეული 2011” მონაწილე კერძო, სახელმწიფო და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა გაუზიარეს ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება და განიხილეს ახალი საგანმანათლებლო ინიციატივები.