


ილიაუნი ”ბორჯომის” სტუდენტურ კონკურსში მეორე ადგილზეა
ახალი ამბები
15 სექტემბერს „ჩემი ბორჯომი 2014-ის” გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. სტუდენტური კონკურსი, რომლის სრული საპრიზო ფონდი 5000 აშშ დოლარს შეადგენს და რომელიც ”IDS ბორჯომი საქართველოს” ბრენდ ”მიტარბის” ეხება, გაზაფხულზე დაიწყო.
კონკურსში პროექტის დაწყების დღიდან, თბილისის 12 უნივერსიტეტის 52 სტუდენტი მონაწილეობდა. თითო უნივერსიტეტს თითო გუნდი წარმოადგენდა. პროექტში მონაწილეობდნენ შემდეგი უმაღლესი სასწავლებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის ჟიურის, კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ერთად, წარმოადგენდნენ ალექსი ჩიქოვანი – მარკეტერი, კომპანია „ლაივის“ დამფუძნებელი და მთავარი კონსულტანტი; გეგა ფალავანდიშვილი – რუსთავი 2-ის მარკეტინგის მენეჯერი; ვახო ვახტანგიშვილი – კომპანია Leavingstone -ის აღმასრულებელი დირექტორი, პარტნიორი.
15 სექტემბრის ფინალური პრეზენტაციაზე ჟიურიმ „ჩემი ბორჯომი 2014“-ის გამარჯვებულები გამოავლინა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ჯგუფმა II ადგილი მოიპოვა. ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე ადგილის საპრიზო ფონდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებზე გადანაწილდა. I ადგილი კი, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტურ ჯგუფს ერგო.
ილიაუნის გამარჯვებული გუნდის წევრები არიან: თეო ლომინაძე, ლაშა მონასელიძე, ნინო სამხარაძე,თამუნა შათირიშვილი, ნინო მეხაშიშვილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს წარმატებას სამივე უნივერსიტეტის სტუდენტებს და განსაკუთრებულ მადლობას უხდის კონკურსში გამარჯვებულ ილიაუნელებს უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის.