


ილიაუნელი წყალბურთელი სლოვაკეთის თასის მფლობელია
ახალი ამბები
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი, 19 წლის რევაზ იმნაიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტია. წლეულს მან ორ დიდ ტურნირში იასპარეზა - წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატისა და 19-წლამდელთა კონტინენტის პირველობის ფინალურ რაუნდებში. აგვისტოს მიწურულს მან სლოვაკეთის ქალაქ ნოვაკის წყალბურთის კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და სამიოდ თვეში „ნოვაკის“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა. იმნაიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა სექტემბერში სლოვაკეთის თასზე ოთხი მატჩი ჩაატარეს, ყველა შეხვედრა მოიგეს და ქვეყნის თასი შეინარჩუნეს. ქართველმა წყალბურთელმა ამ პაექრობებში 11 ბურთი გაიტანა. მერე სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩაება და ექვს თამაშში თანაგუნდელებს 14 გოლი მოუტანა. „ნოვაკი“ ქვეყნის ჩემპიონატს ლიდერობს.
პარალელურად, რევაზ იმნაიშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ლიგის მესამე ტურის შეხვედრისთვის ემზადება. ეს მატჩი იტალიასთან რომში 10 იანვარს გაიმართება.