


ილიაუნელი მორაგბე ევროპის ჩემპიონია
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დამთავრდა 7-კაცა მორაგბეთა ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი, რომელშიც მედლებისთვის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს უნივერსიტეტების ნაკრებიც იბრძოდა. ჩვენმა გუნდმა (მწვრთნელი ზაზა ლეჟავა), რომლის ღირსებასაც ილიაუნელი დიმიტრი კალანდაძეც იცავდა, ზედიზედ სძლია პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების (34:7), კოიმბრას (17:5), მოსკოვის საავიაციო უნივერსიტეტების (19:15), ბულგარეთის სპორტის აკადემიისა (29:5) და შუმენის უნივერსიტეტის (40:0) წარმომადგენლებს, საფრანგეთის ქალაქ პო-ს (12:0) და უნგრეთის (47:0) გუნდებს. ასპარეზობის დასკვნით დღეს ქართველმა მორაგბეებმა გზიდან ჩამოიშორეს როტერდანიუს (40:0), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (33:0), ისევ ქალაქ პოს მორაგბეები (28:17) და ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ოქროს მედლებით აღნიშნეს.