


ილიაუნელი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება
ოთარ ბულიავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ორმეტრიანი გიგანტი მე–4 წელიწადია, კალათბურთს თამაშობს, თუმცა ამ მცირე დროის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ წევრი 2011 წელს თანაგუნდელებთან ერთად 18–წლიანებში გახდა საქართველოს ჩემპიონი, შარშან და და წლეულს კი 20–წლიანებში მოიპოვა ეს ტიტული. ორი წელიწადია, ეროვნულ ჩემპიონატებშიც მონაწილეობს და „სოხუმის“ მე–4 ადგილში, სწორედ, ოთარს მიუძღვის დიდი წვლილი. საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში ჯერ კიდევ შარშან მიიწვიეს და 18–წლიანთა ევროპის პირველობაზე ითამაშა. ამჟამად ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილის ხელმძღვანელობით 20–წლიანთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ეს შეჯიბრება კი 9–21 ივლისს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართება.