ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელები ნახევარფინალში ითამაშებენ

ახალი ამბები

სექტემბრის თვიდან დაიწყო საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის 2015 წლის თასის გათამაშება ფუტსალში. საასპარეზოდ თავი მოიყარეს ქვეყნის 27 უმაღლესი სასწავლებლის გუნდებმა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთელები F ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ზედიზედ სძლიეს სპორტის უნივერსიტეტის (4:2), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (6:1), თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (6:4) და ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის (9:1) წარმომადგენლებს, ოთხ მატჩში მოაგროვეს ქულათა მაქსიმუმი - 12 (ბურთების შეფარდება - 25:8) და მერვედფინალში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გუნდს შეხვდნენ. დაძაბული პაექრობა დამთავრდა ფრედ - 4:4. გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია. ილიაუნელებმა წარმატებას მიაღწიეს ანგარიშით 5:4 და მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ. ამ ორთაბრძოლის ძირითადი დროც ფრედ დასრულდა - 1:1. პენალტებით ილიაუნელებმა 3:2 გაიმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც თბილისის ღია უნივერსიტეტის გუნდთან გაარკვევენ ურთიერთობას. ნახევარფინალის მეორე წყვილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი.

შეხვედრები 14 დეკემბერს ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

ბანერები