


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰორიზონტ ევროპის“ ოფისი გაიხსნა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა „ჰორიზონტ ევროპის” ოფისი, რომელიც მკვლევართა ჯგუფებისთვის შექმნის საერთაშორისო ევროპულ საგრანტო პროექტებში წარმატებული მონაწილეობისა და კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების შემუშავების მეტ შესაძლებლობას.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა „ჰორიზონტ ევროპის“ საუნივერსიტეტო ოფისი. თანამედროვე საუნივერსიტეტო სამეცნიერო სივრცის ინტერნაციონალიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან ისე დაახლოება, რომ ჩვენი მეცნიერები ახერხებდნენ საერთაშორისო ევროპულ საგრანტო პროექტებში წარმატებით მონაწილეობას, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანაა. ილიაუნი ამისთვის ძალიან დიდი ხანია ემზადება. მომზადებული გვაქვს რამდენიმე მიმართულების საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალები ყველაზე მაღალი იმპაქტ ფაქტორით. ეს სივრცე გახდება სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფის, სხვადასხვა საკმაოდ ძლიერი სამეცნიერო კონსორციუმის შეხვედრის, იდეების იერიშის ადგილი, რაც მომავალში ძალიან წარმატებულ პროექტებს მოიტანს“, – პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
„ვულოცავ „ჰორიზონტ ევროპის“ გახსნას უნივერსიტეტს, აკადემიურ პერსონალს, მეცნიერ-მკვლევრებს, სტუდენტებს. იმედი გვაქვს, ეს ოფისი ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებიც სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე ფიქრობენ. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპული ინტეგრაციისკენ, სამეცნიერო-კვლევითი შედეგების გაზიარებისკენ“, – ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
„ილიაუნიში „ჰორიზონტ ევროპის“ გახსნა ხელს შეუწყობს სულ უფრო მეტი და უფრო კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების წარდგენას, ზოგადად პროგრამაში მონაწილეობას. ვიმედოვნებ, მომავალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება საქართველოში მისი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორი, ძალიან მნიშვნელოვანი კონსორციუმების წევრი და პროექტების კოორდინატორი და შევუერთდებით საერთაშორისო სქემას“, – თეონა დიასამიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰორიზონტ ევროპის“ ოფისის კოორდინატორი
2022
გალერეა