ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კლიმატური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მდინარეების აუზებში ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების მოდელირებასა და შესაბამისი რუკების შედგენაში. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მონაცემების შეგროვებასა და რუკების შემუშავებაში სტუდენტები ეტაპობრივად ჩაერთვებიან და მათ ქართველ სპეციალისტებთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი უხელმძღვანელებს. 

მემორანდუმს ხელი მოეწერა 10 ნოემბერს, მსოფლიო მეცნიერების დღეს, რამაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობას ისეთი გლობალური გამოწვევების დაძლევაში, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და პანდემია.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა.

ონლაინღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორი დანიელ მევლი, კავკასიის მთიანი რეგიონების სამეცნიერო ქსელის წარმომადგენლები და მისი სამდივნოს, მდგრადი კავკასია, აღმასრულებელი დირექტორი, ნინა შატბერაშვილი. 

პროექტის შესახებ  
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ჩართულია ფართომასშტაბიან პროგრამაში, რომელიც კლიმატის ცვლილებისადმი საქართველოს ადაპტაციას ემსახურება. 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით და კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

პროგრამის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტო აფასებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების, კერძოდ წყალდიდობის, მეწყერის, ღვარცოფის, წვიმის, ქარიშხლის, ზვავისა და გვალვის რისკებს და ამზადებს მრავალმხრივი საფრთხეების რუკებსა და რისკის პროფილებს საქართველოს თერთმეტი მდინარის აუზებისთვის, ესენია: ენგური, რიონი, ჭოროხი-აჭარისწყალი, სუფსა, ნატანები, ხობისწყალი, კინტრიში, ხრამი-ხცია, ალაზანი, იორი, მტკვარი. მონაცემების შეგროვებასა და რუკების შემუშავებაში ჩართულ სტუდენტებს უხელმძღვანელებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი, რომელშიც მრავალმხრივი რისკების შეფასების, საფრთხის რუკების შემუშავების, ჰიდრავლიკური მოდელირების, გეოგრაფიული ინფორმაციის სისტემების (GIS) და საერთაშორისო პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილების პროფესიონალები შედიან.

გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული „კავკასიის მთიანი რეგიონის სამეცნიერო ქსელის“ შექმნაში, განაგრძობს თანამშრომლობას როგორც ქსელთან, ასევე მის სამდივნოსთან „მდგრადი კავკასია“ და ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების ადაპტაციაში უნივერსიტეტების ჩართულობის მოდელის შექმნასა და ამ მოდელის შემდგომ დანერგვას სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ბანერები