


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი ოფიციალური პრეზენტაცია- 2010 და მომავალი”
15 თებერვალს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009 წლის წლიური ანგარიშის და 2010 წლის გეგმების პრეზენტაცია. 2006 წლის 15 თებერვალს საქართველოში შეიქმნა ახალი უნივერსიტეტი, რომელიც დღეს ილიას სახელს ატარებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიბერალურ განათლებასა და კვლევაზე ორიენტირებული პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც 13 კვლევით ინსტიტუტს, სამ კვლევით ცენტრს და სამეცნიერო ლაბორატორიას აერთიანებს. ასევე უნივერსიტეტი ახორციელებს რამდენიმე პროექტს, რომლებიც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზეა ორიენტირებული.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოსთვის უნიკალური კვლევები ხორციელდება: საბჭოთა კავშირის კვლევები, შავი ზღვის გეოლოგიის, არქეოლოგიის და ეკოლოგიის, გარეჯის უდაბნოს მრავალფეროვნების, კლიმატის და ტურისტული პოტენციალის შესწავლა. აღნიშნული კვლევები, ამავე დროს, სწავლების საფუძველია: სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული კვლევით პროცესში, რაც უზრუნველყოფს მათი პროფესიული ჩვევების და ცოდნის თანამედროვე მსოფლიოში არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.