


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციის შედეგად შავ ზღვაში ხელოვნური რიფები განთავსდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკავშირის ”JOP Black sea basin 2007-2013” პროგრამის პროექტის - „ზღვის მნიშვნელოვანი ფილტრების კვლევა და აღდგენა ("Research and REstoration of the Essential Filters of the Sea (REEFS)” - პარტნიორია საქართველოდან. REEFS პროექტი წარმოადგენს ხუთი პარტნიორის ერთობლივ ტრანსსასაზღვრო ინიციატივას: ბულგარეთი (ბულგარეთის ბიომრავალფეროვნების ფონდი); უკრაინა (სამხრეთის ზღვების ბიოლოგიის ინსტიტუტის ოდესის ფილიალი); რუმინეთი (არასამთავრობო ორგანიზაცია Mare Nostrum); თურქეთი (შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი); საქართველო (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) (http://reefsproject.net/).
პროექტი 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის დეკემბერში სრულდება. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ყველა მონაწილე ქვეყანაში ხელოვნური რიფების განთავსებაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხელოვნური რიფების კონსტრუქციები დამზადდა პროექტის ბენეფიციარ ქვეყანაში, ბულგარეთში, და გაიგზავნა მონაწილე ქვეყნებში. რიფები 2015 წელს უკვე დამონტაჟდა ბულგარეთსა და რუმინეთში.
გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, საქართველოში რიფების დასამონტაჟებლად შეირჩა დაბა კვარიათის მიმდებარე ტერიტორია შავ ზღვაში. 2014 წლის ნოემბერში პროექტის საჯარო განხილვა ბათუმშიც მოეწყო დაინტერესებულ სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან.
2015 წლის ოქტომბერში ბულგარეთის მხარემ უზრუნველყო საქართველოში რიფების ტრანსპორტირება - 4 კონსტრუქცია და ტივტივა. 15-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით შედგა ექსპედიცია, რომლის დროსაც ჩაიძირა და ბულგარელი და ქართველი მყვინთავების და მკვლევრების მიერ დამონტაჟდა 2 კონსტრუქცია და ტივტივა/ნიშნული წყლის ზედაპირზე. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზოოლოგიის ინსტიტუტის ჰიდრობიოლოგიისა და იქთიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროექტის კოორდინატორი ბელა ჯაფოშვილი; ასისტენტ-პროფესორი და პროექტის მონაწილე ლევან მუმლაძე; ასისტენტ-მკვლევარი, პროექტის მონაწილე ნანა დევიძე; პროექტში მოწვეული მყვინთავი ავთანდილ ეფაძე; პროექტში მოწვეული მკვლევრები: ანი ბიკაშვილი, სოფიო გაბელაშვილი, თათია ყულჯანიშვილი; საზღვაო სამუშაოებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო ტექნიკის მომსახურების სამსახურის უფროსი, მამუკა მოდებაძე; საზღვაო სამუშაოებში გამოყენებულ იქნა უნივერსიტეტის კუთვნილი კატერი „კატერინა“. ექსპედიციას ემსახურებოდა უნივერსიტეტის მძღოლი, დიმიტრი თედიაშვილი.
საზღვაო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ხელოვნური კონსტრუქციები ერთმანეთისგან 25 მეტრის დაშორებით, 12.5-14 მ სიღრმეზე ჩაიდგა.
ხელოვნური რიფები ხშირად განისაზღვრება, როგორც ადამიანის მიერ გაკეთებული ნებისმიერი სახის კონსტრუქცია, რომელიც მიზანმიმართულადაა განთავსებული როგორც ზღვის ფსკერზე, ასევე წყლის შუაგულში. ხელოვნურ რიფებს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ფორმა და ზომა. ასევე, შესაძლოა დამზადდეს სხვადასხვა მასალისგან.
ასეთი სტრუქტურების აგებისა და წყალში განთავსების მიზანია:
- თევზჭერის რესურსების გაძლიერება და ზღვაში მცხოვრები ყველა სახის
მცენარისა თუ ცხოველის პოპულაციის ზრდა;
- ჰიდრობიოლოგიური მელორაცია;
- ტურისტების მოზიდვა;
- გართობა.