ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის იუბილე

10-12  მაისს  ილიას  სახელმწიფო  უნივერსიტეტში  ავსტრიული  ბიბლიოთეკის  დაარსებიდან  10  წლის  იუბილე  აღინიშნა.  საზეიმო  ღონისძიებას  ეწვია  ვენის  უნივერსიტეტის  დელეგაცია  ავსტრიის  ელჩის,  ბატონ  მიხაელ  პოსტლის  ხელმძღვანელობით.

ავსტრიული ბიბლიოთეკა  გაიხსნა 2000 წ. 2 მაისს  უნივერსიტეტსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს  შორის   გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

”ავსტრიული ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ”  ავსტრიის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების პროექტია (უკვე 52 ასეთი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში) და ისინი ავსტრიული კულტურის პროპაგანდას და სახელმწიფოებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.

ბიბლიოთეკას კურირებს  ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის განყოფილება და  აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი.

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი დაახლოებით   6000  ერთეულს მოიცავს.

ყოველწლიურად  2400 ევროს ღირებულების წიგნებს იძენს ავსტრიული მხარე ჩვენი შეკვეთების მიხედვით.  ბიბლიოთეკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც იძლევა ფილმების ჩვენების, კონფერენციების და სხვ. ღონისძიებების ჩატარების საშუალებას.

ავსტრიული  ბიბლიოთეკის  საიუბილეო  პროგრამის   ფარგლებში  დაგეგმილ   სხვადასხა  კულტურულ ღონისძიებაში  მონაწილეობდა   თბილისის  პირველი  სამუსიკო  სასწავლებლის  მოსწავლეთა  სიმფონიური  კვარტეტი,  რომელმაც  სიმბოლურად   მოცარტი  და  შუბერტი  შეასრულა.   გარდა  ამისა,   გაიმართა  პროფ. ი. კოპენშტაინერის წიგნის ”ავსტრია” ქართული თარგმანისა  და მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ევროპათმცოდნეობის მიმართულების ახალი სასწავლო  მოდულის ”ავსტრიის ისტორია და კულტურა” პრეზენტაცია;   აგრეთვე,   2009 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოფენა-კონკურსის ”ი. ჰაიდნის ცხოვრება და შემოქმედება” და გამოფენის კატალოგის პრეზენტაცია (სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის დირექტორი პროფ. ნინო ზაალიშვილი).  დამსწრე  საზოგადოებას  წარუდგინეს  სამეცნიერო კრებული ”ი. ზოიფერი  და  ძველი  სამყარო”.  საიუბილეო  პროგრამის  ფარგლებში  უნივერსიტეტის  თეატრში  წარმოდგენილი  იყო   ავსტრიელი დრამატურგის ი. ზოიფერის პიესის ”ლეჰნერ ედი სამოთხეში იჭყიტება”  ინსცენირება.

ავსტრიული  ბიბლიოთეკის  იუბილე  დასრულდა  ერთდღიანი  ექსკურსიით  ყაზბეგში  უცხოელი  სტუმრებისათვის.

ბანერები