ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”ილიას ბიბლიოთეკის” პირველი ათეული

9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნების სერიის - ”ილიას ბიბლიოთეკა” პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნების სერია ”ილიას ბიბლიოთეკა” შეიქმნა ”კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მიერ ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. ”კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” დააარსეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა - ლევან ღამბაშიძემ, მარიამ დალაქიშვილმა და ნათია ჯიბლაძემ.

პროექტი, რომლის მიზანია საზოგადოებაში წიგნიერების განვითარება, შემუშავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული ”კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მიერ. წელს შეიქმნა და გამოიცა ათი წიგნი, რომელთა თემატიკა მოიცავს XIX-XX საუკუნის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სამეცნიერო ნაშრომებს, პუბლიცისტურ წერილებს და მხატვრულ ნაწარმოებებს. ”ილიას ბიბლიოთეკის” პირველ ათ წიგნში შესულია ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, არჩილ ჯორჯაძისა და სხვათა ნაშრომები.

პროექტის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ წიგნების შეძენა შესაძლებელია ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად და იდეა ემსახურება როგორც საგანმანათლებლო, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას.

პრეზენტაციაზე ”კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” საპატიო წევრობის სიგელები გადაეცათ წიგნების წინასიტყვაობის ავტორებს: პროფესორ გიგი თევზაძეს, მწერლებს - დათო ტურაშვილს, ლაშა ბუღაძეს, რატი ამაღლობელს, ასევე სიმონ ჯანაშიას, გიგა ზედანიას, ზაზა შათირიშვილსა და ლევან გიგინეიშვილს.

ბანერები