


„ჰაიდელბერგ-ცემენტის" კონკურსის გამარჯვებულები
კომპანია „ჰაიდელბერგ-ცემენტის" სამეცნიერო - საგანმანათლებლო კონკურსში ’’ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მაია ახალკაცის ხელმძღვანელობით პირველი ადგილი დაიკავა. დაჯილდოების ცერემონია 21 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა.
გამარჯვებულ ჯგუფს საჩუქრად გადაეცა ფულადი ჯილდო 5000 ევროს სახით, მეორე ადგილზე გასულს - 3000 ევრო, მესამეზე გასულ ჯგუფს კი - 1500 ევრო. სამივე ჯგუფი დასაჩუქრდა სამახსოვრო დიპლომებით.
კონკურსი ერთდროულად 18 ქვეყანაში ტარდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, საუკეთესო შედეგები საქართველომ აჩვენა და შემოსული 53 პროექტით ლიდერის პოზიცია დაიკავა, თითოეულ ქვეყანაში შერჩეული პროექტები პარალელურ რეჟიმში გლობალურ კონკურსზე, ბელგიაშიც განიხილება, სადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ასევე იმედოვნებს წარმატებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები, კონკურსის ჟიურის წევრები, მეორე ეტაპზე გადასული 5 კანდიდატი, ასევე გარემოსდაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების ეკოლოგიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
„ჰაიდელბერგ-ცემენტმა” კონკურსი ’’ ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე" 2011 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა, კონკურსი მიზნად კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობას ისახავდა. მასზე იდეის წარდგენა და მონაწილეობის მიღება სტუდენტებსა და მკვლევარებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად შეეძლოთ.