ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია: „ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკა“

ახალი ამბები

24 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრში საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ. ლექციის თემა იყო „ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკა“.

მომხსენებელმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოში საბანკო სისტემის განვითარების წინაპირობები და მსმენელებს ესაუბრა იმ რთული ვითარების შესახებ, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისში აღმოჩნდა საქართველო ჰიპერინფლაციის გამო; მან, ასევე, ჩამოაყალიბა ეროვნული ბანკის განვითარების საფუძვლები, პრინციპები და სტრატეგია. ბ-ნმა ბაქრაძემ დეტალურად განმარტა ეროვნული ბანკის საზედამხედველო და მონეტარული პოლიტიკა და აუდიტორიას აუხსნა, რა ინსტრუმენტების გამოყენებით შეუძლია ბანკს, გავლენა მოახდინოს ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე. საჯარო ლექციაზე განხილულ იქნა 2008 და 2012 წლის საგარეო შოკები და პოლიტიკა, რითაც ეროვნული ბანკი ცდილობდა შოკის გავლენის შერბილებას. ლექციის დასასრულს, ბ-ნმა ბაქრაძემ მსმენელებს განუმარტა ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზირების პრინციპები საქართველოში.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. ისეთმა თემებმა, როგორებიცაა ეკონომიკის მდგრადი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები, ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიზეზები და სამომავლო პროგნოზი, აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

შეხვედრა შედგა ლექციათა სერიის - „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ - ფარგლებში. 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, მორიგ საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ბათუ ქუთელია. ლექციის თემა იქნება „ევროპეიზაციის გავლენა საქართველოს თავდაცვის პოლიტიკაზე“.

ბანერები