ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ღია სტუდენტური კონკურსი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი კომპლექსის დაპროექტებისთვის

ახალი ამბები

13 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შედგა ღია სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.

ღია სტუდენტურ კონკურსი ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი კომპლექსის დაპროექტების თაობაზე გამოცხადდა ამა წლის 30 იანვარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით. საკონკურსო დავალება გულისხმობდა სოფელ ინგირის ტერიტორიაზე განაშენიანების პროექტისა და საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შემუშავებას.

სტუდენტურ ნამუშევრებს აფასებდა კომპეტენეტური ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ნინო მენთეშაშვილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო); მამუკა მენთეშაშვილი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ურბანული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი); ლადო ვარდოსანიძე (კონსულტანტი, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი); გოგი სულაბერიძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, არქიტექტორი);
იოსებ ალავიძე (არქიტექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); დავით ბოსტანაშვილი (არქიტექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

ღია სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობდა არქიტექტურის მიმართულების 36 სტუდენტი საქართველოში აკრედიტებული შემდეგი უნივერსიტეტებიდან:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  • ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი.

კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი 15 პროექტიდან 10 საუკეთესო პროექტის ავტორ(ებ)ს მიეცა საშუალება, გაეგრძელებინა მუშაობა და გადასულიყო მეორე ეტაპზე. ხოლო მეორე ეტაპზე წარმოდგენილი 8 პროექტიდან ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო პროექტი, რომელთა ავტორებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გადასცა ფულადი ჯილდო:

  • 1-ლი ადგილი - 1000 ლარი;
  • მე-2 ადგილი - 800 ლარი;
  • მე-3 ადგილი - 500 ლარი.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ ყველა მონაწილეს კი გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული პროექტის (1-ლი ადგილი) ავტორები მონაწილეობას მიიღებენ სრული არქიტექტურული პროექტის (მუშა პროექტის) შემუშავებაში, რომელსაც განახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ლაბორატორია.
ლაბორატორიის დაარსებისა და არქიტექტურული პროექტის დამუშავებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფინანსური დახმარება მიიღო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსგან (SDC).

ბანერები