


გერმანულენოვანი წიგნების უნიკალური კოლექცია
14 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულენოვანი წიგნების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილი წიგნები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ორგანიზაციებმა (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD, გერმანული კვლევის საზოგადოება DFG, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, შვეიცარიის საელჩო საქართველოში) და კერძო პირებმა გადასცეს. გარდა ამისა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გერმანულენოვანი წიგნები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რარიტეტული კოლექციიდან; ასევე, წიგნები კულტურის კვლევების, ფილოსოფიის, ლინგვისტიკის, სოციალური მეცნიერებების სფეროდან.
თანამშრომლობის გამყარებისა და განმტკიცების მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურსა (DAAD) და თბილისის გოეთეს ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა.
წიგნები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცეს დონორებმა, ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში უკვე შესულია და ხელმისაწვდომია, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე ნებისმიერი მსურველისათვის.
წიგნების გამოფენა გაგრძელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, კორპუსი F, პირველი სართული) და მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ერთი თვის განმავლობაში.