


განათლების სკოლა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
განათლების სკოლა
განათლების სკოლა ეფუძნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითად პრინციპს - სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლებისა და მკვლევარების თანამშრომლობით აკადემიური და პროფესიული განათლებისა და კვლევის ერთიანი სივრცის შექმნას.
ხედვა:
განათლების კვლევების, სწავლებისა და პრაქტიკის კომპონენტის ინტეგრაციით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა, სფეროში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით,ქმნის ახალ საგანმანთლებლო ცოდნას და არის თანამედროვე განათლების სპეციალისტების მომზადების ლიდერი. იგი ზრუნავს საქართველოში განათლების, როგორც ღირებულების, დამკვიდრებაზე და ორიენტირებულია განათლების ხელმისაწვდომობასა და სამართლიან განაწილებაზე.
მისია:
განათლების სკოლის მისია არისთანამედროვე, ადგილობრივი და საერთაშორისო რელევანტურობის მქონე ინოვაციური და მეცნიერულად დასაბუთებული ცოდნის შექმნადა გავრცელება; წარმატებული სპეციალისტების, მკვლევარების მომზადება, მოქმედი პროფესიონალების განვითარება. სკოლა პასუხობს განათლების თანამედროვე გამოწვევებს და წვლილი შეაქვს განათლების მეცნიერებისა და საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში.
მიზნები:
• განათლების სფეროს მრავალმხრივი კვლევა ახალი ცოდნისა და გამოცდილების შესაქმნელად;
• აკადემიური მომზადებისა და უწყვეტი განათლების პროგრამების შექმნა და მუდმივი განვითარება;
• განათლების სკოლის პროგრამების ერთმანეთთან სინქრონიზაცია და სხვა მიმართულებების აკადემიურ პროგრამებთან კავშირის გაძლიერება;
• პროფესიონალების მომზადება კვლევის, სწავლებისა და პრაქტიკის სინქრონიზაციით;
• განათლების სფეროს კადრების პროფესიული განვითარება;
• სკოლის აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და მაღალი კვალიფიკაციის ახალი კადრების მოზიდვა;
• განათლების სფეროში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაცია;
• ინსტიტუციური კავშირების დამყარება და გაძლიერება ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე;
• განათლების პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
• პროფესორებს და სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობების სტიმულირება;
• საკუთარი პოტენციალის და რესურსების გამოყენება საზოგადოების საკეთილდღეოდ.
ამოცანები:
• კურიკულუმების განვითარება;
• სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება;
• ადამიანური რესურსების განვითარება;
• კვლევითი პოტენციალის განვითარება;
• ორგანიზაციული კულტურის განვითარება;
• ინოვაციების დანერგვა;
• განათლების კვლევის ხარისხის გაუმჯობესება;
• თანამშრომლობის განვითარება დაინტერესებულ მხარეებთან.
სკოლა თავის საქმიანობებს ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:
ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლა ახორციელებს საქმიანობას კვლევის, აკადემიური და უწყვეტი განათლებისა და საზოგადოებრივი მომსახურების მიმართულებით.
განათლების სკოლის კვლევითი საქმიანობა
კვლევითი საქმიანობა განათლების სკოლის გამჭოლი პრიორიტეტია.
სკოლის კვლევითი საქმიანობის მიზანია განათლების სხვადასხვა მიმართულებით ახალი ცოდნის შექმნა და სწავლებასა და პრაქტიკაში მისი ინტეგრირების უზრუნველყოფა.
განათლების სკოლის კვლევითი საქმიანობის ამოცანებია:
• სტუდენტთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა კვლევის პროცესებში და მათი კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა;
• ჩართულობა საერთაშორისო სამეცნიერო დისკურსში;
• სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის/ჟურნალების გამოცემა და მისი რეგისტრაცია საერთაშორისო ბაზებში (მაგ.EBSCO);
• განათლების სკოლის კვლევითი კურიკულუმის განვითარება (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე და უწყვეტი განათლების მიმართულებით);
• კვლევითი გრანტების მოპოვება;
განათლების სკოლის კვლევითი საქმიანობას კოორდინაციას უწევს კვლევების საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის ფუნქციებში შედის:
• სამეცნიერო კვლევითი სემინარების, კოლოქვიუმების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება კვლევითი გამოცდილების ურთიერთ გაზიარების მიზნით;
• განათლების სკოლის ფარგლებში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის ბაზის შექმნა და განახლება;
• სკოლის კვლევითი საქმიანობის შესახებ შესაბამისი მიზნობირივი ჯგუფების ინფორმირება;
• კვლევითი საქმიანობის განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ფასილიტაცია.
აკადემიური და უწყვეტი განათლება
განათლების სკოლის კონცეფციაში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი პროგრამები:
• სკოლამდელი განათლება
• დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლება
• სპეციალური განათლება
• მულტილინგვური განათლება
• განათლების ადმინისტრირება.
წარმოდგენილი პროგრამები გვთავაზობს როგორც აკადემიური, ასევე უწყვეტი განათლების შესაძლებლობებს.განათლების სკოლა,საჭიროებიდან გამომდინარე, სისტემატურად აახლებს, ამდიდრებს და ხვეწს პროგრამებს.
სკოლამდელი განათლების პროგრამა
პროგრამის მიზანია მოამზადოს სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, რომელიც შეძლებს საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებას 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან სკოლამდელი განათლების საფეხურზე. აღნიშნული გულისხმობს ადრეულ ასაკში ბავშვის სწავლისა და განვითარების შესახებ ცოდნის მიღებასა და იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ბავშვის საჭიროებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის.
საბაკალავრო საფეხურზე სკოლამდელი განათლების პროგრამის მიზანია იმ ბაზისური თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი ცოდნისა და უნარების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასებისთვის. შესაბამისად, პროგრამა გულისხმობს როგორც თეორიულ სწავლებას, აგრეთვე პრაქტიკულ კურსს სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში (მაგ. საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი, დღის ცენტრი და ა.შ.) და სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე მცირე კვლევითი პროექტების განხორციელებას.
სკოლამდელი განათლების სფეროში უწყვეტი განათლების შესაძლებლობების შექმნა გულისხმობს ისეთი ტრენინგ-მოდულების შეთავაზებას, რომლებიც მოქმედ მასწავლებლებს, აღმზრდელებს, ადმინისტრატორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გაეცნონ სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით არსებულ თანამედროვე თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს.
დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლება
საბაკალავრო საფეხურის აკადემიური პროგრამის მიზანია, მოამზადოს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლები, რომლებსაც ექნებათ საგნის/საგნობრივი ჯგუფის ფართო ცოდნა და ეფექტური სწავლა-სწავლებისთვის აუცილებელი უნარები. პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებშიშესაბამის საფეხურზე სწავლებას დარგის, მეთოდიკების და პრაქტიკის უახლესი ცოდნის გამოყენებით.
მასწავლებლის მომზადების პროგრამის ფარგლებში პრაქტიკა მოიაზრება როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გამჭოლად გასდევს მთლიან სასწავლო პროცესს და რომლის მიზანია სათანადოდ მომზადებული, კერძოდ, პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრების შემოსვლა პროფესიაში.
სამაგისტრო საფეხურის აკადემიური პროგრამის მიზანია, მოამზადოს განათლების მკვლევარები, რომლებიც შეძლებენ წარმართონ სწავლა-სწავლების პროცესების კომპლექსური კვლევა და სისტემურად გამოიყენონ კვლევის შედეგები სკოლაში სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდისთვის.
უწყვეტი განათლების პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლის მოქმედ მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს მათ პროფესიულ განვითარებაში, რათა მათ შეძლონ მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა.
სპეციალური და ინკლუზიური განათლება
სპეციალური და ინკლუზიური განათლების მიზანია, მოამზადოს პროფესიონალი მასწავლებლები სპეციალური განათლების დარგში, რომლებიც ყველა ინდივიდს განიხილავენ, როგორც განვითარების, სწავლისა და საზოგადოებაში პოზიტიური წვლილის შეტანის შესაძლებლობის მქონეს და შეძლებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების ინტეგრაციის ხელშეწყობას საგანმანათლებლო პროცესში.
საბაკალავრო საფეხურზე სპეციალური და ინკლუზიური განათლება განიხილება, როგორც მასწავლებლის მომზადების აკადემიური პროგრამის აუცილებელი კომპონენტი.
აკადემიური სწავლების სამაგისტრო საფეხურზე მოხდება პროგრამების და ცოდნის დივერსიფიკაცია სპეციალური განათლების მიმართულებით. კერძოდ, შემოთავაზებული იქნება ორი ფორმატის ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა, რომელთაგან ერთი იქნება ორიენტირებული ზოგადი პროფილის სპეციალური მასწავლებლის მომზადებაზე, ხოლო მეორე პროგრამა იძლევა ვიწრო სპეციალიზაციას სპეციალური განათლების დარგში (მაგ. სმენის, მხედველობის, მეტყველების, ინტელექტუალური უნარების ან მრავლობითი დარღვევების საკითხებში). პროგრამების პრიორიტეტია სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სწავლების ეფექტური სტრატეგიების სწავლება და სპეციალური და ინკლუზიური განათლების პრაქტიკის კვლევაში მომზადება
უწყვეტი განათლების ფარგლებში შემოთავაზებული აქტივობები მიზნად ისახავს ინკლუზიური და სპეციალური განათლების აქტუალურ საკითხებში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას განათლების სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი სპეციალისტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების მშობლებისთვის.
მულტილინგვური განათლება
საბაკალავრო საფეხურზე მულტილინგვური განათლების პროგრამის (როგორც დამატებითი კვალიფიკაციის მიმანიჭებელი პროგრამის) მიზანია, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამის მონაწილეებს მიანიჭოს მულტილინგვური/ბილინგვური მასწავლებლის დამატებითი კვალიფიკაცია, რის შედეგადაც მასწავლებელმა უნდა შეძლოს ასწავლოს თავისი საგანი არაქართულენოვან სკოლაში როგორც მშობლიურ, ასევე სახელმწიფო ენაზე ან მხოლოდ სახელმწიფო ენაზე მიზნობრივი ჯგუფის ენის ფლობის დონისთვის შესაბამისი მასალების შემუშავების გზით.
პროგრამის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს მიენიჭებათ შესაბამისი საგნის მასწავლებლის აკადემიური ხარისხი მულტილინგვური განათლების დამატებითი სერტიფიკატით.
აკადემიური სწავლების სამაგისტრო საფეხურზე შემოთავაზებული იქნება ერთწლიანი და ორწლიანი პროგამა სამიზნე ჯგუფებიდან გამომდინარე.ერთწლიანი პროგრამა განკუთვილი იქნება მათთვის, ვისაც უკვე აქვს მასწავლებლის კვალიფიკაცია საბაკალავრო დონზე (მულტილინგვური განათლების სერტიფიკატის გარეშე);
ორწლიანი პროგრამა იქნება განკუთვნილი მათთვის, ვისაც არ აქვს გავლილი მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა (მაძიებლობის 60-კრედიტიანი პროგრამის ჩათვლით) და სურს საგნის მასწავლებლის პროგრამის გავლა საგნის მასწავლებლის და მულტილინგვური სწავლების დამატებითი კვალიფიკაციის მისაღებად.
უწყვეტი განათლების მიზანია, მოქმედმა მასწავლებლებმა მულტილინგვური სწავლების თეორიის გაცნობასთან ერთად შეძლონ პრაქტიკულად შესაბამისი მულტილინგვური მოდელის მიხედვით ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილის შემუშავება, ჩატარება და ანალიზი კოლეგებთან ერთად.
განათლების ადმინისტრირება
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროში ხელმძღვანელების/ადმინისტრატორების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სასკოლო და უმაღლესი განათლების სისტემის მართვაში და საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის ეფექტურობის უზრუნველყოფაში.
პროგრამა ორიენტირებული აარა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე, არამედ პრაქტიკული უნარების განვითარებასა და კვლევის კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე.
პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას: საშუალო განათლება, სადაც სწავლების ენაა ქართული და უმაღლესი განათლება, სადაც სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
გარდა სამაგისტრო პროგრამის შეთავაზებისა, არსებობს პოტენციალი, შევთავაზოთ პროფესიული განვითარების მოკლევადიანი კურსები/საზაფხულო სკოლები მოქმედ პროფესიონალებს და განათლების მართვის სფეროთი დაინტერესებულ პირებს.
საზოგადოებრივი მომსახურება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლისთვის მნიშვნელოვანია, ხანგრძლივად პასიურად არ ელოდოს კვლევებისა და სწავლების შედეგების გავრცელებას განათლების სფეროში. სკოლისთვის პრიორიტეტულია, განათლების სკოლა პირდაპირი გზით ჩაერთოს კონკრეტული ინდივიდებისა და ინსტიტუციებისთვის განათლების ხარისხის, განათლების ხელმისაწვდომობისა და განათლების ფორმების მრავალფეროვნების გაზრდაში. ამისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები მონაწილეობას მიიღებენ სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლებლების თუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრების მცდელობაში, გამოავლინონ და მოაგვარონ საგანმანათლებლო პრობლემები. განათლების სკოლა დაეხმარება სასწავლო დაწესებულებებს ადმინისტრირებისა თუ განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, მოსწავლეებს -საკუთარი საგანმანათლებლო მიღწევების დახვეწაში, მასწავლებლებს - კონკრეტული პედაგოგიური ამოცანების გადაჭრაში და სხვ.
საზოგადოებრივად სასარგებლო სამსახურის გაწევის მოთხოვნები იქნება ინტეგრირებული როგორც ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის კურიკულუმში, ასევე პროფესორების სამუშო ვალდებულებების აღწერილობაში.
საზოგადოებასთან მჭიდრო პარტნიორობა განათლების სკოლას დაეხმარება განათლების სფეროში სწრაფი და დადებითი გავლენების მოპოვებაში, კურს დამთავრებულებში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ღირებულებების დამკვიდრებაში, სწავლებისა და კვლევის აქტუალური საკითხების უკეთ ორგანიზებაში.